weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კომპანია „გრინ ვილიჯმა“ ლაგოდეხში ვარდის ზეთის წარმოება დაიწყო

14:27 პარასკევი, 26 მაისი 2017

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში კომპანია „გრინ ვილიჯმა“ ვარდის ზეთის წარმოება დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ კომპანიის წარმომადგენელმა გელა ნატმელაძემ უთხრა, წელს დაახლოებით 15 ტონა ვარდის მოსავალს ელოდებიან, საიდანაც 5 ლიტრ ვარდის ზეთს გამოხდიან.

„ეთერზეთების ვარდის მოშენება ოთხი წლის წინ დავიწყეთ. გასულ წელს მცირე მოსავალი მივიღეთ. ამ ჯიშის ვარდი („კაზაკსკი“) მოსავალს მეოთხე წელს იძლევა და წელს პირველი წელია, რომ მისგან ზეთს ვხდით. „კაზაკსკი“ ვარდის ყვავილობა მაისის შუა რიცხვებში იწყება და დაახლოებით 40 დღე გრძელდება. ვარდს ხელით ვკრეფთ. დაკრეფის შემდეგ მოსავალი სწრაფად  უნდა გადამუშავდეს, რომ არ გამოშრეს და ხარისხი არ დაკარგოს. ვარდის ზეთი ეთერზეთების ყველაზე ძვირფასი სახეობაა. იყენებენ სუნამოების დასამზადებლად და ფარმაციაში. ვარდის ზეთი 370-მდე მიკრობიოლოგიურ ელემენტს შეიცავს და კანის გაახალგაზრდავების, ანთების საწინააღმდეგო უნარი გააჩნია. ერთი ლიტრი ვარდის ზეთის მისაღებად 3 ტონა ვარდის ფოთოლია საჭირო, ამიტომ მისი ზეთი ძალიან ძვირია“,- უთხრა „რეგინფოს“ გელა ნატმელაძემ.

სასარგებლო თვისებების  გამო 1 ლიტრი ვარდის ზეთის ღირებულება ადგილწარმოშობის მიხედვით, 7 000 - 10 000 დოლარს აღწევს.

გელა ნატმელაძის თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს და ვარდის ზეთის გატანას ევროკავშირის ქვეყნებში გეგმავს.

„გრინ ვილიჯს“ ლაგოდეხის რაიონში ეთერზეთების ვარდი 82 ჰექტარზე აქვს გაშენებული. აქედან 50 ჰექტარზე კომპანიამ ვარდი 2017 წელს გააშენა. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ვარდის წარმოების განვითარებისთვის საქართველოში 3,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელეს. „გრინ ვილიჯს“ ლაგოდეხის რაიონში 100-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

საქართველოში ვარდის ზეთის წარმოება პირველად რამდენიმე წლის წინ კომპანია „კოპალამ“ დაიწყო თელავის რაიონში. „ათასწლეულის განვითარების ფონდმა“ კომპანიას 150 ათასი დოლარის გრანტი მისცა, თანადაფინანსებით კი ფერმერმა საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. კომპანიის დამფუძნებლის ვაჟა ლეშკაშელის თქმით, ვარდის ნერგები ტაჯიკეთიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან შემოიტანა. „კოპალას“ პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში გაჰქონდა. 2011 წელს კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ვაჟა ლეშკაშელი დააპატიმრეს. მისი თქმით, ტერიტორია ლოპოტას ტბასთან სიახლოვის გამო წაართვეს. ვარდის პლანტაციის ნაცვლად ახლა იმ ადგილზე ვენახია გაშენებული.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]