weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა სესხების უკან დაბრუნების საგარანტიო ფონდს ქმნის

18:26 ოთხშაბათი, 09 მაისი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და აღნიშნული სეგმენტისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ ახალ რეფორმას იწყებს.

„საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი, რომელზეც დღეს გამართულ შეხვედრაზე ვსაუბრობდით, თავისი შინაარსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც კომერციული ბანკებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული სესხების უკან დაბრუნების გარანტორად გამოდის. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში და შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თურქეთის დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის და მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ახალი ინიციატივები განიხილეს.

თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ გამოცდილებაზე ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თურქეთის საკრედიტო საგარანტიო ფონდის მიერ შემოთავაზებულ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული მექანიზმები თურქეთში წარმატებით ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას და ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარებას, რაც შესაბამისად აისახა დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმები წარმატებით გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაშიც და მათი მიზანია ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. სამინისტროს განცხადებით, საკრედიტო საგარანტიო ფონდების პოპულარობა, განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა, რადგან ამ გზით მნიშვნელოვნად მარტივდება ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც ეკონომიკური ზრდას მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს.

 

ამ თემაზე:

დიმიტრი ქუმსიშვილმა საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის დეტალები განმარტა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]