weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქართული ცხვრის გასაჭირი - რა კავშირი აქვს ოთარ დანელიას ცხვრის ბიზნესთან

23:35 კვირა, 28 მაისი 2017

ცხვრის ექსპორტი 2009 წლიდან წარმატებულად ვითარდებოდა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებისა და მათან დაახლოებული ბიზნესწრეების ყურადღება მიიპყრო და მეცხვარეების საქმე უკან წავიდა. რა კავშირი აქვს სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ოთარ დანელიას და ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ცხვრის ბიზნესთან? ნახეთ სტუდია "მონიტორის" ფილმი.

თუშეთში მეცხვარეობას 550-მდე ოჯახი მისდევს. ერთ დროს წარმატებული ბიზნესი ბოლო სამი წელიწადია გასაჭირშია.

ბექა გონაშვილი მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარეა, მან ქართული ცხვრის ექსპორტი 2009 წელს დაიწყო.

"ძალიან ცუდი ფასები იყო მაშინ, მარტო აზერბაიჯანში გადიოდა და ერთი კაცის მეტს ვერავის გაჰყავდა. ჩემი უცხოელი მეგობრები დამეხმარნენ და ჩამოიყვანეს ისმაილი, რომელმაც მერე ჩამოიყვანა არაბები და იმ წელს 266 000 სული ცხვარი გავიდა", - ამბობს ბექა გონაშვილი.

არაბული ქვეყნების ბაზრის გახსნამ ქართული ცხვრის ფასი გაზარდა. "მანამდე ერთ ტომარა ფქვილში ვცვლიდით ცხვარს, ფასი არ ჰქონდა. მერე შემოვიდნენ არაბები, გაიზარდა ფასი, 50 ლარიდან ჯერ 80, მერე კი 150 ლარი გახდა", - ამბობს მეცხვარე მუსახან უზბაშიევი.

სტატისტიკური მონაცემებით, 2008 წელს ცხვრის ექსპორტს 2 კომპანია ახორციელებდა აზერბაიჯანში (1 582 000 ლარის). არაბული ბაზრის გახსნის შემდეგ, 2009 წელს ცხვრის ბიზნესში 21 კომპანია ჩაერთო და აზერბაიჯანს 4 ახალი ქვეყანა დაემატა (სომხეთი, იორდანია, ლიბანი, საუდის არაბეთი). საქართველოში ერთ წელიწადში ცხვრის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 1.5 მილიონი ლარიდან 29 მილიონამდე გაიზარდა.

მეცხვარეობამ განვითარება დაიწყო. ცხვრის ფასმა მოიმატა, ფერმერებმა მისი მოშენება დაიწყეს, გაიზარდა მწყემსის ხელფასი. თუმცა, როგორც კი ცხვრის ექსპორტით ფულის შოვნის შესაძლებლობა გაჩნდა, მეცხვარეების თქმით, ამ ბიზნესმა ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებული ბიზნესწრეების ყურადღება მიიპყრო. პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო  და მეცხვარეების საქმე უკან წავიდა.

 

მინისტრთან დაახლოებული კომპანიები

 2011 წლიდან ცხვრის ბიზნესში ჩართული კომპანიების რიცხვი შემცირდა.

2013 წელს ექსპორტზე ცხვარი მხოლოდ 5-მა კომპანიამ გაიყვანა 3 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, იორდანია, ირანი); 5 კომპანიიდან 2 ხელისუფლებასთან დაახლოებულია, შპს "ვიქტორია" და "ალკერნაზი" ერთი და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული.

მეცხვარეები ამბობენ, რომ კომპანიების რიცხვის შემცირება ბუნებრივი კონკურენციის გზით არ მომხდარა. ბაზრებისთვის  ბრძოლას ბევრი ექსპორტიორი შეეწირა.ხელისუფლება მსხვილ ექსპორტიორებს ნელ- ნელა პრობლემებს უქმნიდა. მაშინ ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ბიზნესს ჩამოშორდა, ბექა გონაშვილია.

"ვფიქრობდი, ხელშეშლა შესაძლოა ისეთ დონეზე ყოფილიყო, რომ ძალიან დავზარალებულიყავი. როდესაც ბაზარზე მოვინდომე დაბრუნება, შევხედე, რომ ის პროცედურები, რასაც ითხოვდა სახელმწიფო და რაც უნდა შეგვესრულებინა - კარანტინის მოწყობა, სისხლის აღება, ბრუცელოზის ანალიზი და ა.შ., საკმაოდ მაღალი ხარჯი გამომდიოდა. ამ დროს ვიღაც ადამიანები არიან, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში ახერხებენ იმას, რომ კლიენტებს ეს ყველაფერი შესთავაზონ. ის აკეთებდა საბუთებს ერთ და ორ დღეში, რაც მე უნდა გამეკეთებინა რამდენიმე კვირაში და მათთან კონკურენტუნარიანი ვერ ვიქნებოდი", - ამბობს ბექა გონაშვილი. 

კიდევ ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი, ვისაც პრობლემები შეექმნა, ისმაილ ილდიზია: "იმის გამო, რომ მეცხვარეს, ვინც ცხვარი მომყიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან პრობლემები შეექმნა, არაბმა ბიზნესპარტნიორებმა ჩემთან ურთიერთობაზე დროებით უარი თქვეს და სხვა კომპანიებს მიმართეს. მე ყოველთვის ნაღდს ვიხდიდი და მეცხვარეებისთვის პრობლემები არასდროს შემიქმნია". 

ისმაილ ილდიზი თითქმის 2 წელია საქართველოში აღარ ჩამოსულა. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით. 

"მე ფინანსურ პოლიციაში გამომიძახეს. მითხრეს, რომ სასამართლოში მიჩიოდნენ. მე ვკითხე, რატომ აკეთებდნენ ამას, თუ გადასახადები არ მქონდა გადახდილი, ეთქვათ. არაო მითხრეს. მერე ადვოკატი ვიქირავე. მერე რა მოხდა, არვიცი. არავის დაურეკავს", - აღნიშნავს ილდიზი.

2012 წლიდან ექსპორტი შეწყვიტა მუსახან უზბაშიევმაც.

 

"ვიქტორიას" აღზევება

კომპანია, რომელსაც პრობლემა არ შექმნია და ამ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, შპს "ვიქტორიაა".

"ვიქტორიას" წინსვლას ცხვრის ბიზნესში ჩართული ადამიანები, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრთან ოთარ დანელიასთან კომპანიის სიახლოვით ხსნიან.

"ვიქტორიას" დამფუძნებელი გია ადამიაა. ადამიას ძმის შვილი სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის და ახლა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას კლასელი და მეგობარია. შპს "ვიქტორიას" მისამართზეა რეგისტრირებული ამ ბიზნესში ჩართული კიდევ 2 კომპანია: შპს "ალკერნაზი" და შპს "კამინა".

ოთარ დანელიას ვკითხეთ, რამ გამოიწვია "ვიქტორიას" წარმატება? დანელიამ კომპანიის დამფუძნებელთან კავშირი უარყო, თუმცა ყოფილი მინისტრისა და ადამიას ოჯახურ ახლობლობას ეს ფოტოც ადასტურებს. ფოტოზე მარჯვნივ დანელიას მეუღლეა, მარცხნივ კი გია ადამიას შვილი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მისი მინისტრობის დროს დასაქმდა.

 

სომხური ცხვარი ქართულის სახელით

რა პრობლემები შექმნა ამ ბიზნესში კონკურენციის შემცირებამ? როგორც მეცხვარეები ამბობენ, პრივილეგირებულმა კომპანიამ ხელისუფლების მფარველობით ახალი სქემა შეიმუშავა: მან სომხეთიდან ცხვრის შემოყვანა დაიწყო და შემდეგ უცხოურ ბაზრებზე გაიყვანა. მიზანი მოგების გაზრდა იყო, შედეგი კი ქართული ცხვრის ექსორტის შემცირება და ფასის დავარდნა.

იმის გასარკვევად, თუ რატომ გადიოდა სომხური ცხვარი ექსპორტზე და ქართული აღარ იყიდებოდა, ამ  ბიზნესში ჩართულ ადამიანებს ვკითხეთ.

კომპანია "სეიბორტ ლაივსტოკი" ერთ-ერთია, ვინც დღემდე აბ ბიზნესშია. კომპანიის მფლობელი და დირექტორი სალიჰ ედისია. ამ ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ის ქართული ცხვრის გარდა, სხვა ცხვრის ექსპორტსაც ახორციელებს.

სალიჰ ედისი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა საქართველოდან სომხური ცხვარი გადიოდა, ქართულის ფასი 100 $ იყო, სომხური კი უკვე ექსპორტისთვის გამზადებული 70-80 $ ჯდებოდა.

სომხური ცხვრის გაყვანის შემთხვევაში კომპანიას უფრო დიდი მოგება რჩებოდა. ქართული ცხვრის გაყვანით ექსპორტიორს ცხვარზე 2 დოლარი რჩებოდა. რამდენადაც გემზე მინიმუმ 10 000 ცხვარი ეტევა, ერთ რეისზე მოგება 20 000-მდე დოლარი იყო, მოგების მარჟა ერთ სომხურ ცხვარზე კი 20-30 დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გემის გამგზავრებით ექსპორტიორი კომპანია 200 000-მდე დოლარს იგებდა.

ამიტომაც სომხური ცხვრის იმპორტი საქართველოში 2011 წლიდან ნელ-ნელა იზრდებოდა.

მეცხვარეები ამბობენ, რომ რამდენიმე პრივილეგირებული კომპანიის სასარგებლოდ კანონი ირღვეოდა და სომხური ცხვარი ქართული ცხვრის სახელით გადიოდა.

ამ კომპანიებმა შემდეგი სქემა შექმნეს. შემოჰყავდათ სომხეთიდან ცხვარი, საქართველოში მზადდებოდა გაყალბებული დოკუმენტაცია, რომლითაც თითქოსდა ეს ცხვარი ქართული წარმოშობის იყო და როგორც ქართული გადიოდა ექსპორტზე. თუ ცხვარი იმპორტირებულია, მან საქართველოს ტერიტორიაზე 6 თვე უნდა გაატაროს და ამის შემდეგ შეიძლება მისი გაყვანა ქართულის სახელით. სწორედ ეს პროცედურები ირღვეოდა სომხური ცხვრის იმპორტის შემთხვევაში. ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ეს კორუფციული სქემა იყო და 1 ცხვრის ქართული საბუთის შექმნა 5 $ ღირდა.

სტუდია "მონიტორმა" მოიპოვა 3 ქვეყნის, საქართველოს, სომხეთის და იორდანიის სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის შედარებაც ადასტურებს, რომ სომხური ცხვარი იორდანიაში ქართული ცხვრის სახელით შედიოდა.

ვეტერინარულ საბუთს სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემდა, თუმცა სააგენტოში ამბობენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მოგვიანებით შპს "ვიქტორიამ" პრაქტიკაში დანერგილი სქემის დაკანონება მოითხოვა და იმ დროს სოფლის მეურნეობის მინისტრს და ოჯახის მეგობარს ოთარ დანელიას ოფიციალური წერილით მიმართა. კომპანია კარანტინისთვის საჭირო 6 თვიანი ვადის 1 თვემდე შემცირებას ითხოვდა.

"შპს ვიქტორია გაცნობებთ რომ დაკავებული ვართ ცოცხალი ცხვრის ექსპორტით არაბულ ქვეყნებში. კერძოდ, 2013-2014 წლებში შპს "ალკერნაზთან" ერთად ექსპორტირებულ იქნა 80 000 ცოცხალი ცხვარი. მიმდინარე წელს გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება 500 000 ცოცხალი ცხვრის ექსპორტზე.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამდენი შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია, ამდენად იძულებული ვართ ვიფიქროთ ქართულ ცხვართან ერთად ცხვრის იმპორტზე მეზობელი ქვეყნებიდან. ამის განხორციელებაში ხელს გვიშლის ვეტერინარულ მომსახურებაში და წარმოშობის სერთიფიკატის მიღებაში არსებული რეგულაციები, რომელიც ითვალისწინებს იმპორტირებული ცხვრის ქვეყნის ტერიტორიაზე 6 თვით დაყოვნების აუცილებლობას.”

სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც თავად წერს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ცვლილებას დაეთანხმა. საბოლოოდ კი ეს ცვლილება ვეღარ განხორციელდა.

 

დაავადებების გავრცელება

გარდა იმისა, რომ ქართული ცხვარი გასაყიდი დარჩა, ცხვარში 2 ახალი დაავადება - ჭირი და ყვავილი გაჩნდა, რასაც მეცხვარეები სომხური ცხვრის იმპორტის დაწყებას უკავშირებენ. ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ კარანტინი დაცული არ იყო და დაავადებული ცხვარი საზღვარგარეთაც გავიდა.

"სომხეთიდან დაავადება შემოვიდა. საბაჟოსთან ჩვენი კარანტინია, გაჩნდა დაავადება. 40 ათასიდან 2500 ცხვარი დამეხოცა. მერე ისევ მთავრობამ მიშველა. უცხოეთიდან შემოიტანეს წამალი, ავცერით და გაჩერდა", - ამბობს მეცხვარე.

სწორედ შპს "ვიქტორიას" ეკუთვნოდა ერთ-ერთი გემი, რომელიც საქართველოში იორდანიიდან 2015 წელს უკან მოაბრუნეს. სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ ცხვრის ყვავილი და ჭირი 2015-2016 წლებში დაფიქსირდა, თუმცა დაავადებული ცხვრის გამო გემის მობრუნებას უარყოფენ.

ოფიციალური ნოტა, რომ ბაზარი დაიკეტა, ქვეყანას არ მიუღია, თუმცა 2015  წლის შემდეგ საქართველოდან იორდანიაში ცხვრის ექსპორტი აღარ  მომხდარა.

 

ფარცხალაძე ცხვრის ბიზნესში

ცოცხალი ცხვრის გარდა საზღვარგარეთ ცხვარი დაკლული სახითაც გადის. ამ ბიზნესშიც რამდენიმე გავლენიანი ჯგუფი ხელისუფლებასთან სიახლოვით გამოირჩევა. მაგალითად, შპს "მიტერას" წლებია დაკლული ცხვრის ხორცი გააქვს. 2016 წლამდე "მიტერას" დამფუძნებლებში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი მეუღლე ფიქსირდებოდნენ. დღეს ამ კომპანიის წილების ნაწილს ფარცხალაძის მეგობარი არჩილ ცაბუტაშვილი მამასთან ერთად ფლობს, რომელიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი იყო 2014-2015 წლებში.

მეცხვარეები აცხადებენ, რომ დღეს ბაზარზე არსებული ექსპორტიორები ერთმანეთთან კონკურენციის ნაცვლად, სეზონზე შეთანხმებულად მოქმედებენ და ცხვარს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იბარებენ.

მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობის მაშინდელ მინისტრთან  დაკავშირებული კომპანია ქართულის სახელით სომხურ ცხვარს ყიდდა, ქართველი მეცხვარეები სინამდვილეში ცხვარს ვერ ყიდდნენ.

ყველა მეცხვარის პრობლემა თითქმის იდენტურია. გაუყიდავი ცხვარი ზამთარში უნდა გამოკვებონ და მოუარონ. ამისთვის დამატებითი ხარჯია საჭირო. იმისთვის რომ მწყემს ხელფასი გადაუხადონ და ცხვარი შეინახონ, იძულებულები არიან, ბანკიდან სესხი აიღონ.

მეცხვარეებისთვის კიდევ ერთი პრობლემა მატყლის რეალიზაციაა. ძირითადად მატყლს მთაშივე წვავენ.

პრობლემაა ცხვრის გადასარეკი ტრასებიც. ამ საკითხის მოგვარებას მეცხვარეები დიდი ხანია ითხოვენ.

 

 ავტორი: ცქრიალა შერმადინი, სტუდია "მონიტორი"

სტუდია მონიტორი

სტუდია „მონიტორი“ (www.monitori.ge) ამზადებს ჟურნალისტურ გამოძიებებს, აშუქებს კორუფციის შემთხვევებს, იძიებს მაღალი რანგის ოფიციალური პირების საქმიანობას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. „მონიტორს“ მრავალი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]