ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.
„ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ადრე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამოსვლა. ახლა, გარდა იმისა, რომ ობიექტი ტურისტულად მიმზიდველი გახდა, განახლებული ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს რეგიონს მოახდინოს შემოსავლების გენერირება“,- განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისმა ღირებულებამ 1,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ხერთვისის ციხე X – XVIII საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობაა. ის სოფელ ხერთვისში, ზღვის დონიდან 1126 მეტრზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული. ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. ციტადელი კლდის ვიწრო თხემს მიუყვება და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან საკმაოდ მიუდგომელია. ციტადელის შიდა ტერიტორია ბურჯებიანი ზღუდითაა შემოვლებული და რამდენიმე მონაკვეთად იყოფა. ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი. სამხრეთიდან და ნაწილობრივ აღმოსავლეთიდან ციხეს აკრავს გალავანი, ჩრდილო-დასავლეთით კი წყალზე ჩასასვლელი გვირაბია.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან ხერთვისი, ვარძიის მონასტერთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.