ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი ახალი გზა ერთმანეთთან დააკავშირებს ლენტეხი-ცაგერისა და ზუგდიდი-მესტიის უკვე არსებულ საავტომობილო გზებს. კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისიდან ცაგერისა და ლენტეხის გავლით მესტიაში მოხვედრა სამ საათში იქნება შესაძლებელი. თბილისიდან მესტიამდე მანძილი 105 კილომეტრით, მგზავრობის დრო კი 2,5 საათით შემცირდება.
პროექტის მიხედვით, ლენტეხი-მესტიის ახალი 47.7 კმ-იანი საავტომობილო გზის საფარი ასფალტი/ბეტონი იქნება, დაგეგმილია 15 ახალი ხიდის, 27.7 კმ სიგრძის ახალი გზისა და საქართველოში სიგრძით ყველაზე გრძელი, 9.03 კმ-ის სიგრძის, საავტობომილო გვირაბის მშენებლობა, ხოლო ლეშგუანიდან მესტიამდე არსებული 11 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის პარამეტრების გაუმჯობესება.
ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის პროექტის გარდა, Institute IGH მუშაობს ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნისა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების პროექტირებაზე.