მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სააგენტოს ხელმძღვანელს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და ის კონკურსის გზით შეარჩიეს. მისივე თქმით, მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში აქვს მიღებული, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, აქვს როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში მუშაობის გამოცდილება.
„მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის SavvY თანადამფუძნებელია. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, კერძოდ: კომპანიაში „Saunders Group“ ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ეკავა, სტარტაპ კომპანიაში „Drive Shift“ დირექტორის მოადგილე იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. ამასთან, ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ“, - განაცხადა მინისტრმა.
პროექტი „აწარმოე საქართველოში“ 2014 წელს დაიწყო და მოგვიანებით სააგენტოდ ჩამოყალიბდა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში 14 800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაფინანსდა 355 საწარმო, პროექტს 5313 ბენეფიციარი ჰყავს, განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 870 მილიონ ლარს აღემატება.