ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის განხორციელება საპარტნიორო ფონდმა 2017 წელს, კომპანია Native Georgian-თან ერთად დაიწყო. პროექტი ქართული „ჰამონის“ (სპეციალური ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორი) დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს. პროექტი 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება.
პირველი ეტაპი ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და მათ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ, სპეციალიზებულ ფერმაში გადაყვანის პროცესს მოიცავს. ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1 000 000 აშშ დოლარია.
„საქართველოში 56 ჯიშის ქართული ღორი მოვძებნეთ. რაიონებში დავდიოდით და სურათებს ვუღებდით, შემდეგ გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. 56-დან საბოლოოდ 11 თუ 12 შეირჩა, საიდანაც სუფთა ქართული ჯიშის ღორების მომრავლებას დავიწყებთ, რომელიც თავისი მაჩვენებლებით ცნობილ ესპანურ „იბერიკოს“ უტოლდება. ალბათ, უსწრებს კიდეც, რადგან ჩვენი ესპანელი კოლეგები მთლად არ ამბობენ. აღფრთოვანებული არიან იმ შედეგით, რაც მიღებულია“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა დავით საგანელიძემ ორი თვის წინ განაცხადა.
ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება და ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. მეორე ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 3,5 მილიონი აშშ დოლარია.
„საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს დაფუძნებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია.