weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხევსურეთში წარმოებული დეკას ჩაი უკვე გაყიდვაშია

13:03 სამშაბათი, 30 მაისი 2017

კოოპერატივმა „არაგველები“ დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოში წარმოებული დეკას ჩაის რეალიზაცია დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ კოოპერატივის დირექტორმა ზვიად წიკლაურმა უთხრა, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი სახეობის ბრენდირებული ჩაი იყიდება. მათ შორის, „ალპური ლეგენდა“ - რომელიც, მხოლოდ დეკას ფოთლისგან მზადდება და „ტკბილი სიზმარი“, რომლის შემადგენლობაში დეკას ფოთოლთან ერთად ველური პიტნაცაა.

დაინტერესებულ პირებს ხევსურეთში წარმოებული ჩაის ყიდვა თბილისში, მაღაზია „ნატურალურ ნობათში“ შეუძლიათ (ღამბაშიძის ქუჩა). 50 გრამიანი კოლოფის საბთუმო ფასი 5 ლარია. 

„დეკა ხევსურეთში ალპურ ზონაშია, რაც მისგან დამზადებული ჩაის სასარგებლო თვისებებს განაპირობებს. დეკას ჩაის აქვს დამამშვიდებელი თვისება, წმენდს ტოქსინებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ამაგრებს ძვლებს. შესწავლილი და დადასტურებულია, რომ დეკას ჩაი ცხიმებს შლის და ხელს უწყობს გახდომას. ამერიკაში დეკას ფოთლისგან ძალიან ძვირადღირებულ გასახდომ წამალს ამზადებენ“,- უთხრა „რეგინფოს“ ზვიად წიკლაურმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, დეკას ყვავილობის დაწყების შემდეგ ახალი სახეობის ჩაის „დეკას გვირგვინს“ გამოუშვებენ, სადაც ფოთოლთან ერთად დეკას ყვავილიც შედის. პარალელურად დაამზადებენ „მთის თაიგულს“, რომელიც 10 სხვადასხვა მცენარის ნაკრებს გააერთიანებს: კრაზანა, თავშავა, დეკა, პიტნა, ასკილი, სალბი, ბეგქონდარა, მოცვი და პანტის ჩირი.

2017 წლის შემოდგომისთვის კოოპერატივი „არაგველები“ სულ 9 სახეობის ჩაის წარმოებას აპირებს. მომავალში ჩაის ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ.

კოოპერატივმა „არაგველებმა“ სოფელ ბარისახოში მცენარეული ჩაის საწარმო „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით 2016 წლის შემოდგომაზე გახსნა. პროექტის ღირებულება 131 ათასი ლარია.

საწარმოს დღეში 300 კილოგრამი ნედლი მცენარეულის გაშრობა და თვეში, დაახლოებით 10 ათასი ჩაის კოლოფის გამოშვება შეუძლია. საწარმოში ამჟამად ათზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

დეკა კავკასიის სუბალპურ და ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 1600-3000 მეტრამდეა გავრცელებული.

ბოტანიკოსები და გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ სამრეწველო მიზნით დეკას მოპოვებამ გარემოს, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]