weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფშია – საქსტატი

13:55 ორშაბათი, 21 მაისი 2018
ფოტოზე საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე ფოტოზე საქსტატის დირექტორი გოგიტა თოდრაძე

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმებისა და უმუშევრობის 2017 წლის ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2016 წელთან შედარებით 0.1 %-ით შემცირდა და 13.9 % შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 65.8 % შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წელთან შედარებით 1.5 %-ით არის შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.8 %-ით.

საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 51.7 %-ს შეადგენდა, რაც 1.5 %-ით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით.

2017 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა თბილისში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. აქედან, უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალი თბილისშია.

უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 5.8 და 3.4 %-ით.

სტატისტიკის მიხედვით, ქალებთან შედარებით უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში. 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.3 %-ით მეტი იყო ქალების შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, გამოკვლევის შედეგების ანალიზი ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2017 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება (29.6 %). ამასთან აღნიშნული მაჩვენებელი 3.2 %-ით შემცირდა 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. საქსტატის განმარტებით, ამის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი.

საქსტატი შრომის საერთაშორისო ორანიზაციის მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან შედარებით უმუშევრობის მაღალი დონეა მაკედონიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და სომხეთში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]