weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამშენებლო კომპანიებმა გორის და კასპის მერებს შესყიდვების სააგენტოში უჩივლეს

18:20 ორშაბათი, 21 მაისი 2018
ფოტოზე გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ფოტოზე გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი

საგზაო სამშენებლო კომპანიებმა სეივ როუდმა, კომბესტ ჯეომ და ადროიტმა კასპის და გორის მუნიციპალიტეტების მერებს დისკრიმინაციული მიდგომისა და კორუფციული რისკების გამო შესყიდვების სააგენტოში უჩივლეს. კომპანიების ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ მუნიციპალიტეტების მიერ გზების მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერები კონკრეტული ორგანიზაციის ინტერესებზეა მორგებული.

„სეივ როუდის“ საჩივარი ეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფელ ქვემო ხვითში გამოცხადებულ ტენდერს, სადაც გზის მოასფალტებისთვის 682 500 ლარია გამოყოფილი. გორის მერია ითხოვს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შესაბამისი ტექნიკის ნახევარი საკუთრებაში ჰქონდეს.

„თუ ჩვენს ორგანიზაციას აქვს შესაბამისი გამოცდილება და შესრულებული აქვს სატენდერო ფასზე მეტი ღირებულების ობიექტი, რატომ უნდა გააჩნდეს მოთხოვნილი ტექნიკის 50 % საკუთრებაში? ანუ რომელიღაც ორგანიზაციას საკუთრებაში ჰყავს აღნიშნული ტექნიკა და იმაზეა მორგებული წინამდებარე ტენდერი? თუ მე დაქირავებული ტექნიკით ვასრულებ 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს, რატომ ვერ შევასრულებ წინამდებარე ობიექტს დაქირავებული ტექნიკით?

ეს მოთხოვნა ქმნის არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს. თუ გადავხედავთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აპრილსა და მაისში ჩატარებულ ტენდერებს, ნათელია თუ რა ფასში და რომელი ორგანიზაციები იგებენ საგზაო სამშენებლო სამუშაოებს.

ვითხოვთ, რომ შეიცვალოს ჩანაწერი და საკუთრების ნაცვლად ჩაიწეროს სარგებლობა, რადგანაც იჯარით, ან ქირავნობით აღებული ქონებაც მოემსახურება ობიექტს“, - ციტირებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კომპანია „სეივ როუდის“ დირექტორის კარენ ოვსეპიანის კომენტარს.

შესყიდვების სააგენტომ გორის მერიას განმარტება მოსთხოვა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ანალოგიური შინაარსის საჩივრით კომპანია „სეივ როუდმა“ კასპის მერიის წინააღმდეგაც მიმართა შესყიდვების სააგენტოს. საქმე ეხება საკორინთლო-ახალშენას 1,8 მილიონიან ტენდერს. ამ თანხით 2,7 კილომეტრიანი გზის მოასფალტება უნდა მოხდეს. კასპის მერია ითხოვს, რომ გამარჯვებულ კომპანიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ავტოგრეიდერი, ექსკავატორი, პნევმატური და გლუვვალციანი სატკეპნები.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე წააგო დავა კომპანია „ადროიტთან“. კომპანიამ კასპის მერს შესყიდვების სააგენტოში იმიტომ უჩივლა, რომ მერი მანუჩარ მერებაშვილი 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან ითხოვდა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშა-ხელის 70% კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ყოფილიყო. ეს მოთხოვნა მილიონიანი პროექტის სატენდერო პირობებში ეწერა, რომლითაც ქალაქის სამ დიდ ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობაა დაგეგმილი. "ამით პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება რომელიმე ადგილობრივი კომპანია, რომელსაც მეტი ადგილობრივი მკვიდრი ჰყავს დასაქმებული, გარდა ამისა აძვირებს პერსონალის დაქირავების ხარჯებს“, - აცხადებდა კომპანია „ადროიტის“ იურისტი.

შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მერს არ აქვს უფლება ჩაერიოს კომპანიის შიდა და საკადრო საკითხებში, რის გამოც კასპის მერიას ყველა იმ ტენდერის გაუქმება მოუხდა, სადაც ეს დისკრიმინაციული მოთხოვნა იყო.

კასპის მერიას შესყიდვების სააგენტოში უჩივლა კომპანია „კომბესტ ჯეომაც“. კასპის მერიის გადაწყვეტილებით, გურამიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებზე საკანალიზაციო ქსელის მოსაწყობად ქუჩები ექსკავატორით უნდა გადათხრილიყო. „კომბესტ ჯეოს“ საჩივრის თანახმად, მერიამ უარი თქვა სამუშაოების ალტერნატიულ, თანამედროვე მეთოდზე, რომლითაც, მილსადენების გაყვანა ქუჩების გადათხრის გარეშე იქნებოდა შესაძლებელი. შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიას დაავალა სატენდერო მოთხოვნებს გადახედოს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]