საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია.
„გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალია შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანა ელექტროენერგიით რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მარაგდება. თურქეთიდან 150 მგვტ.-ს იმპორტი ხორციელდება, აზერბაიჯანიდან 111 მგვტ.-ს, ხოლო რუსეთიდან – 14 მგვტ.-ს.
„ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ.-ია.