weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში „კრინიცას ეკონომიკური ფორუმი“ გაიხსნა

11:08 შაბათი, 26 მაისი 2018

საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის პრეზიდენტებმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დღეს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფორუმი - „კრინიცას საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“ გახსნეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დღეს, ახალ რეგიონულ, ეკონომიკურ ფორუმს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველწლიურად ჩატარდება. მისივე თქმით, ეკონომიკურ ფორუმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიზნესსა და ექსპერტულ წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფორუმში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს და აღნიშნა, რომ მათი, როგოც საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური მონაწილეობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის განაცხადია.

„ძალიან ემოციურია ეს დღე ჩვენთვის და მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს ორ საყვარელ და ახლო მეგობართან - პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებთან ერთად ვხვდებით.

ეს ძალიან სიმბოლურია ჩემთვის, რადგან ეს ორი ადამიანი, საქართველოს საკითხს და ინტერესებს ძალიან მტკიცედ იცავდა და იცავს ბევრ საერთაშორისო ფორმატში, ბევრ მნიშვნელოვან კონტექსტში და ძალიან ამაღელვებელია, რომ ეს დღე ჩემ მეგობრებთან ერთად დაიწყო და მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთი წლის წინ კრინიცაში, მაშინ მე და პრეზიდენტი დუდა შევხვდით ერთმანეთს პანელზე და ჩემი ოცნება იყო, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფორმატი საქართველოშიც განხორციელებულიყო და რეალურად ასეც მოხდა - რაც ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და ფორუმის ორგანიზებისა და მხარდაჭერისათვის საქართველოს მთავრობას, პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტს და საქართველოს სავაჭრო პალატას მადლობა გადაუხადა.

„საქართველოში უაღრესად დროულია ამ თავყრილობის გამართვა, რადგან ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალია ჩვენს ქვეყანაში. რეალურად, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკონომიკური ურთიერთობის პროცესში საქართველო სულ უფრო პრინციპულ და მნიშვნელოვან ადგილს და როლს იმკვიდრებს, იქნება ეს ენერგომატარებლების გატანა, თუ განსაკუთრებით ის პროექტები, რომლებიც უკვე ევროპაში დამთავრდება მომავალ წელს და ევროპის ენერგოუსაფრთხოების ნაწილი გახდება.

ეხება ეს ასევე, სავაჭრო გზებს, რომლებიც სწორედ საქართველოს მეშვეობით და საქართველოს გავლით ევროპულ და აზიურ ბაზრებს ერთმანეთთან აკავშირებს.

შავი ზღვა, აღმოსავლეთით, ზღვის არმქონე ეკონომიკებისთვის ხდება სწორედ ის ადგილი, საიდანაც ისინი გაიტანენ თავიანთ პროდუქტებს. ეკონომიკური და ბიზნესის კეთების სიმარტივის პარამეტრით, საქართველო მართლაც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. ეს სწორი, ეკონომიკური პოლიტიკის კეთების შედეგადაა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოში ინვესტირება გულისხმობს ინვესტირებას, არა მცირე - 3 მილიონიან ბაზარზე, არამედ იმ ღია და ლიბერალური პოლიტიკის გამო - თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შედეგად, 2 მილიარდიან დიდ, ძლიერ ბაზრებზე, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, თურქეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფორუმის ორგანიზებას თბილისში უზრუნველყოფდა კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი - The Foundation Institute for Eastern Studies და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]