weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილი აუქციონზე იყიდება

23:18 შაბათი, 26 მაისი 2018
ზუგდიდში დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილი აუქციონზე იყიდება ფოტო © გიორგი ნიკოლავა

ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე N1-ში მდებარე დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს ნაწილს, 995.00 კვ.მ-ს, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონზე ყიდის. მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 482 250 ლარია.

მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ძველი, ღია კინოთეატრი, ტერიტორიაზე დასხმულია ბეტონი და განთავსებულია ძველი სცენისა და საპროექტოროს შენობები.

ელექტრონული აუქციონი 18 მაისს გამოცხადდა და 28 მაისს დასრულდება. აუქციონის პირობების მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი დატვირთულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 მარტის შეტყობინების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 12 აპრილის მდგომარეობით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ერიცხება დავალიანება 5358.53 ლარის ოდენობით. დოკუმენტში მითითებულია, რომ დავალიანება ზრდადია.

ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა "ლაივპრესის" ინფორმაციით, 2013 წლიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მოქალაქე გია უბირიაა. მანამდე მიწის ნაკვეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ქარდავა ფლობდა. ქარდავამ მუზეუმის ეზოს ნაწილი 2007 წელს შეიძინა.

„ლაივპრესის“ ინფორმაციით, იმ პერიოდში მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხს განიხილავდნენ, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა დირექტორმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა უარი თქვა მუზეუმის შენობიდან 500 მეტრში ნებისმიერი შენობა-ნაგებობის განთავსებაზე.

დადიანების სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 70-იანი წლები) კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისგან. მუზეუმის კომპლექსში შემავალ ორივე სასახლეს, ბოტანიკურ ბაღს და კარის ეკლესიას, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 თებერვლის N3/44 ბრძანებით მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]