weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 % ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი – მამუკა ბახტაძე

15:57 სამშაბათი, 29 მაისი 2018

„ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წყარო და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მედიისთვის გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც მან საბანკო საფინანსო სექტორში დაგეგმილი ახალი რეფორმის დეტალებზე ისაუბრა.

„დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისათვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ - დაახლოებით 630 ათას ადამიანს მოკლებული აქვს შესაძლებლობა, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა. შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალ პროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, ჭარბვალიანობა მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე მაკროეკონომიკური კუთხითაც და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვან რისკ ფაქტორს წარმოადგენს.

„ჭარბვალიანობა, ხშირ შემთხვევაში, ასევე არის შედეგი მომხმარებლების უფლებების დარღვევის. ჭარბვალიანობის პრობლემა ძირითადად წარმოიშვა, როდესაც საპროცენტო განაკვეთი იყო 500-600 პროცენტი და ხშირ შემთხვევაში, ირღვეოდა პასუხისმგებლიანი გასესხების პრინციპები. ეროვნული ბანკის რეგულაციის მიღმა მყოფ ორგანიზაციებში, ადგილი ჰქონდა ასიმეტრიულ რეგულაციებს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, ახალი, სამართლიანი წესების დამკვიდრებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ქვეყანაში სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]