weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

თუშეთის გზა გაიხსნა

10:32 ხუთშაბათი, 31 მაისი 2018
ფოტო: გიორგი ნიკოლავა ფოტო: გიორგი ნიკოლავა

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა გაიხსნა. ამის შესახებ „რეგინფოს“ თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენელმა ტარიელ წიკლაურმა აცნობა.

მისი თქმით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, მეწყერით შექმნილი პრობლემების გამო, პირველი 2 კვირის განმავლობაში გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები იქნება. საგზაო კომპანიის თანამშრომლები პერიოდულად გზას ჩაკეტავენ 2 ან 3 საათით, გზის გაფართოების მიზნით, სამუშაოების წარმოების გამო. 

თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილს იქით სოფელ ხისომდე, დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა გასულ წელს, ზამთარში მოწყდა. მეწყერმა 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. დროებითი გზა ხელოვნური ყრილებით, ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში, პირდაპირ დაგუბებული მდინარის მარცხენა ნაპირას გაიყვანეს. გზის ამ მონაკვეთზე გავლა სახიფათო იყო მთელი სეზონის განმავლობაში (ივნისიდან ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე). დამეწყრილი მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება აგვისტოშიც გადაკეტა, დროებითი გზა დატბორა. ქვათაცვენის გამო გზის ნაწილიც ჩაინგრა. მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი გზაზე მიმავალი ტურისტების ავტომობილს დაეცა. მგზავრები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ.

წელს ამ ადგილას ვითარება გაუარესდა. თუ გასულ წელს წყალი 380 მეტრის სიგრძეზე იყო დაგუბებული, დატბორილი ტერიტორიის სიგრძე 500 მეტრამდე გაიზარდა. მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა. გზის გახსნაც აღდგენითი სამუშაოების გამო დაგვიანდა.

27 მაისს თუშეთის გზაზე 56 წლის ტარიელ სახოკია დაიღუპა. სატვირთო მანქანა, რომლითაც ის გზის აღსადგენად ქვა-ღორღს ეზიდებოდა, მდინარე ალაზანში გადავარდა.

რაც შეეხება თუშეთის შიდა გზებს, წელს გათვალისწინებულია ომალო დოჭუ-ილურთა ჯვარბოსელი-ვერხოვანი-კოკლათა-წოვათის გზის გაწმენდა ჩამონაშალი მასისგან ბულდოზერით, ვერხოვნის ხიდის სავალი ნაწილის მოწყობა ხე-მასალით მოაჯირის ჩათვლით, ხიდის ბურჯების რეაბილიტაცია, რაზედაც ჯამში 27 885 ლარი უნდა დაიხარჯოს. ომალო-დართლო-კვავლო-გირევის გზა გაწმენდაზე 11 235 ლარია გათვალისწინებული; ხისო-შტროლთა-ჟველურთა ჩიგლაურთა-ხახაბო-ცოკალთა-ქუმელაურთას - გზის გაწმენდაზე 5060 ლარი; ომალო შენაქოს გზის საფარის გაწმენდის გარდა, დაგეგმილია ხიდის დამცავი გაბიონის მოწყობა,ხიდის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დახერხილი ხე-მასალით, მოაჯირის მოწყობა. ამ სამუშაოებს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით ჯამში 7 645 ლარი უნდა ეყოს. ომალოს შიდა გზების რეაბილიტაცია - გზების მოხრეშვაზე 1770 ლარი დაიხარჯება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]