რედისონის სასტუმროების ჯგუფის ინფორმაციით, თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას.
სასტუმრო გარშემორტყმულია წინანდლის მამულის 18 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული პარკით. რამდენიმე წუთის მანძილზეა ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
სასტუმრო 141 სხვადასხვა კატეგორიის ოთახს აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული მომსახურებით, რომელიც გულისხმობს: საცურაო აუზს სასტუმროს ბოლო სართულზე კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, სპა ცენტრს, რესტორნების ფართო არჩევანს, ამფითეატრს ღია ცის ქვეშ, რომელიც 1200 ადამიანს მოემსახურება, საკონფერენციო დარბაზებს და ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს.