weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ძველ ბათუმში ეზოს განვითარებისთვის მესაკუთრეს 10 ათას ლარს მისცემენ

13:37 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

ქალაქ ბათუმში, ისტორიული განაშენიანების ზონაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი სახლის ეზოები ტურისტებისთვის მიმზიდველ კომერციულ ობიექტებად აქციონ. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, ამ მიზნით, პირველ ეტაპზე ძველი ეზოების განვითარების 10 პროექტს შეარჩევენ. თითოეული პროექტისთვის გრანტის სახით 10 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„ეს ინიციატივა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდეთ და ძველ ბათუმში ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. ძველი ბათუმის შემთხვევაში ორი კონფლიქტური გარემოების წინაშე ვართ. პირველი - მოსახლეობა ამბობს, რომ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მეორე მხრივ კი ჩვენ ვერ ვაძლევთ იქ მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის უფლებას, რადგან არ გვინდა, ქალაქის სახე დავკარგოთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ ისტორიული განაშენიანების ზონაში, პირველ ეტაპზე 10 ეზო შევარჩიოთ. აირჩევა ეზოები, რომლებსაც აქვთ ხიბლი, სახასიათოა, რომლის უკანაც დგას ისტორია. ტურისტს იზიდავს არა მხოლოდ ვიზუალური მხარე, არამედ ლეგენდაც, რომლის მონაწილეც ის ხდება. ბათუმი ძალიან მდიდარია ისტორიული წარსულით.

ძველ ბათუმში ტურისტი როცა შემოდის, რას აკეთებს? უბრალოდ მიდის ქუჩებში, ვერსად ჩერდება. ერთადერთი ობიექტი, სადაც მიდის, ეს პიაცაა. ძალიან ხშირად ნახავთ დამსვენებლებს, რომლებიც ამა თუ იმ ეზოში შეიხედავენ, იღებენ სურათს, ინტერესდებიან. ესეც გახდა პროექტის ერთ-ერთი შთამაგონებელი. რეალურად ეს ეზოები საინტერესოა ტურისტებისათვის და ჩვენ გვაქვს ყველანაირი საშუალება, ეს ეზოები გადავაქციოთ პატარა მიკროსამყაროებად, რომელშიც ყოფნა მათთვის საინტერესო იქნება. თუ კი ადამიანს მივცემთ საშუალებას, საკუთარი ეზო შემოსავლის წყაროდ აქციოს, არა მგონია არ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, - ციტირებს ბათუმის მერის კომენტარს აჭარის ტელევიზია.

ეზოების განვითარების პროექტებს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც ძველი ბათუმელები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები და ეკონომისტები იქნებიან. მოქალაქეებს, რომლებიც პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, მეწარმეობის უნარ-ჩვევების შეძენის და განვითარების ტრენინგები ჩაუტარდებათ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]