weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში ბოლო 2 წელში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა - UNICEF

16:06 სამშაბათი, 12 ივნისი 2018

„ქვეყანაში ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია“, - გაეროს ბავშვთა ფონდმა „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.

წინა ანგარიშების მსგავსად, საქართველოს მოსახლეობის სიღარიბისა და კეთილდღეობის მდგომარეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზეა შეფასებული.

კვლევის მიხედვით, ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3%, მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება).

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სოფლისა და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია (24.1% - 20.9%).

გასული ორი წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობებისა და მოსახლეობის წილი, შესაბამისად, 20.7%-დან 22.5%-მდე და 23.1%-დან 24.8%-მდე გაიზარდა (ფარდობითი სიღარიბის ზღვარი დადგენილია მედიანური მოხმარების 60%-ზე, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 177.1 ლარს შეესაბამება). ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პენსიონერთა წილიც 19.3%-დან 20.4%-მდე გაიზარდა.

თუ 2015 წელს, საქართველოში, ზოგადი სიღარიბის დონის მაჩვენებელი შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 16.4%-ს შეადგენდა, 2017 წელს ის 19.6%-მდე გაიზარდა.

თუმცა, 2013 წელთან შედარებით მდგომარეობა მაინც უკეთესია, როდესაც, ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ შინამეურნეობების 21.8%, მოსახლეობის 24.6%, ბავშვების 28.4% და პენსიონერთა 20.6% ცხოვრობდა.

შეფასების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე).

ბავშვიან შინამეურნეობებში სიღარიბის მაჩვენებლები უფრო მაღალია.

კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით. მიუხედავად იმისა, რომ 2013-2015 წლებში საქართველოში სიღარიბის დონე მცირდებოდა, მომდევნო პერიოდში ის საგრძნობლად გაიზარდა.

2015-2016 წლებში საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა განიცადა, როდესაც მშპ-ს რეალური ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. ეს მაჩვენებელი ზომიერ 5%-იან ზრდის ტემპს 2017 წელს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, ინფლაციის მაღალმა დონემ (რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსის მიხედვით ფასდება) კიდევ უფრო შეამცირა ეკონომიკური ზრდის ზეგავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე.

გასული ორი წლის განმავლობაში, ლარის ძლიერი გაუფასურების ფონზე, სამომხმარებლო ფასებმა მნიშვნელოვნად მოიმატა საკვებ პროდუქტებზე, თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ მომსახურებასა და ტრანსპორტზე. ასეთმა ეკონომიკურმა წნეხმა შინამეურნეობების ხარჯების სტრუქტურა შეცვალა.

კვლევის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და მეტი შინამეურნეობა გაღარიბდა.

2017 წელს ინფლაციის დონეზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა საკვები პროდუქტების, თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელების, ტრანსპორტისა და ჯანდაცვის ფასების ზრდამ, რომელიც 4%-დან 37%-მდე ფარგლებში მერყეობდა.

ამასთან, საქართველოში კვლავაც მაღალია უმუშევრობის დონე. ამ კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა დასაქმებულთა განაწილება.

საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კვლავაც რჩება ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაღალი დონე.

კვლევის მიხედვით, ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში.

ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ 3-5 წლის ასაკის 10 ბავშვიდან 6-ს საბავშვო წიგნები ან საერთოდ არ აქვს, ან აქვს არასაკმარისი რაოდენობით.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემების საფუძველზე UNICEF შეიმუშავებს რეკომენდაციებს სოციალური დაცვის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]