weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი ფლოტი უნდა განვავითაროთ – მამუკა ბახტაძე

15:58 ორშაბათი, 25 ივნისი 2018

„იყო მეზღვაური ნიშნავს, იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი. ქართველი მეზღვაურები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სიმამაცითა და რთულ სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მამუკა ბახტაძემ ქართველ მეზღვაურებს, საზღვაო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საზღვაო სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

„თქვენი შენატანი ჩვენს ეკონომიკაში ყოველწლიურად, 400 მლნ ლარზე მეტია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამას კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება სჭირდება. ძალიან მიხარია, რომ თქვენი პროფესია უფრო და უფრო პოპულარული ხდება ჩვენს ახალგაზრდებში. ჩვენ ყველა წამყვან სახელმწიფოსთან, მათ შორის ევროკავშირის 17 ქვეყანასთან გაფორმებული გვაქვს შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენი პროფესია წარმოაჩინოთ მსოფლიოს ყველა წერტილში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, საზღვაო ტრანსპორტის პროფესიების განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის მეზღვაურებს დაპირდა, რომ განათლების სტრატეგიაში მათ პროფესიას ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ექნება.

„თქვენი პროფესია ჩვენ უნდა გავხადოთ კიდევ უფრო პრესტიჟული და ხელმისაწვდომი. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ აჭარაში, ისევე როგორც ჩვენს სხვა რეგიონებში იზრდება ინტერესი მეზღვაურობის მიმართ, რაც კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ.

სამწუხაროდ, ერთ დროს ძლიერი ქართული ფლოტი დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. მე კარგად მახსოვს მაშინდელი არგუმენტი, რომ ეს გემები ფაქტობრივად ჯართში იყო ჩასაბარებელი და ამ ფასადაც გაიყიდა, მაგრამ დღეს ეს გემები სხვა სახელმწიფოების დროშის ქვეშ ცურავენ. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული მოცემულობა თითოეული ჩვენგანისთვის.

ამას უნდა დავუპირისპიროთ ძალიან ეფექტური, მიზანზე ორიენტირებული პოლიტიკა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ფლოტი. აქედან გამომდინარე, თქვენს პროფესიას კიდევ უფრო მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ციფრული ტექნოლოგიები განვავითაროთ ჩვენს ნავსადგურებშიც. ერთხელ და სამუდამოდ წარსულში უნდა დარჩეს ის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზის გამო გემებს უხდებოდათ მოცდენა ქართულ ნავსადგურებში. ეს მიუღებელია“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

დღეს, საქართველოს საზღვაო სასწავლებლების ისტორიაში პირველად, საერთაშორისო ცურვაში სიმბოლურად გაუშვეს ბათუმის საზღვაო აკადემიის გემი „კადეტი“. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო სტანდარტი  დააკმაყოფილოს და გადაიჭრას მეზღვაურების საერთაშორისო სერტიფიცირების პრობლემა. ბახტაძის თქმით, „კადეტის“ გაშვება მნიშვნელოვანი ქართულ სასწავლებლებში სხვა ქვეყნის მოქალაქეების მოზიდვის თვალსაზრისითაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]