ძირითადად დასეტყვილია ვენახები, ასევე ბოსტნები, სიმინდისა და ხორბლის ყანები. ზარალი ზოგ შემთხვევაში 80%-ს აღემატება. მატანში დასეტყვილია 260 ჰექტარი, ყვარლის რაიონში კი 160.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, სეტყვასაშიში ღრუბლების გავრცელება 24 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე სოფელ მატნიდან დაიწყო.
„მჭიდროდ დასახლებული პუნქტის თავზე რაკეტების გასროლა კატეგორიულად აკრძალული გვაქვს. ამას დაემატა ისიც, რომ ხშირი ელჭექის გამო, ახმეტასა და მატანში განთავსებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა 12 წუთის განმავლობაში ტექნიკურად გაჩერდა. ამიტომ სეტყვის პროცესის განეიტრალება დასაწყისში ვერ შევძელით“, - განმარტეს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრში.
სოფლებისთვის მიყენებული ზიანის დასათვლელად სპეციალური კომისია შეიქმნა. დაზარალებულთა უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ აქვს.