weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა

11:29 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და ჯიშურ სიმდიდრეზე, რაც ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ხაშმის საფერავის“ დამატება დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში, უზრუნველყოფს მის დაცვას საერთაშორისო მასშტაბით ყველა იმ ხელშეკრულებისა და კონვენციის საფუძველზე, რომელსაც საქართველო არის მიერთებული, ან ხელი აქვს მოწერილი.

„ხაშმის საფერავის“ დარეგისტრირების მოთხოვნით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქპატენტს“ განაცხადით გასულ წელს მიმართა, რასაც წინ უძღვოდა სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მუშაობა შესაბამისი წარმოების სპეციფიკაციების მომზადებისა და რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დოკუმენტების მომზადების მიზნით.

ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის 18 ადგილწარმოშობის დასახელება: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი და კოტეხი.

„ხაშმის საფერავი“ ( Saperavi Khashmi) არის წითელი მშრალი ღვინო ხაშმის მიკროზონიდან, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ხაშმის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი მშრალი სუბტროპიკულიდან ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულზე გარდამავალი კლიმატი, ყავისფერი კარბონატული ნიადაგები, საფერავის ჯიშის ვაზის მიერ ამ მიკროზონაში გამოვლენილი გამორჩეული თვისებები განსაზღვრავენ ღვინო „ხაშმის საფერავის” განსაკუთრებულ ღირსებას.

ისტორიული წყაროების თანახმად, ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება, რომლის ბრძანებით ვენახი გარეჯელ ბერებს გაუშენებიათ. ადგილობრივ მოსახლეობას სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საფერავის ჯიშის ყურძნისგან საკმაოდ მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებია.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]