weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სახელმწიფო უწყებებმა 3 მილიონი ლარის 136 „ნივა“ შეიძინეს - TI

15:44 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წელში საქართველოს საჯარო უწყებებმა 3 მილიონ ლარამდე ღირებულების რუსული ავტომობილი „ნივა” შეიძინეს.

ყველაზე მეტი - 50 „ნივა“ სახელმწიფო კომპანიამ შპს „საქართველოს ფოსტამ“ შეიძინა და ჯამში 1 151 500 ლარი გადაიხადა. შემდეგ მოდის აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 721 230 ლარის ღირებულების 31 „ნივით“. შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ“ კი ერთი ტენდერით შეიძინა 570 000 ლარის ღირებულების 30 „ნივა“.

სახელმწიფო უწყებებს რუსული წარმოების „ნივას“ კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯი“ აწვდის, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა, სახელმწიფო შესყიდვებში კი მონაწილეობას 2012 წლის ბოლოდან იღებს. კომპანიის დამფუძნებლი გოჩა როსტიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრის შალვა ობგაიძის დეიდაშვილია.

„აღსანიშნავია, რომ ერთი შემთხვევის გარდა, ყველა ტენდერში, სადაც კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯიმ“ გაიმარჯვა, კომპანია კონკურენტების გარეშე იყო, მხოლოდ მან გააკეთა შეთავაზება ავტომობილების მიწოდებაზე.

„ნივა“ იმარჯვებდა ისეთ ტენდერებში, სადაც ავტომობილების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მინიმალური მოთხოვნები იყო და ამავე დროს, 1 ავტომობილის შესყიდვაზე 18 000 -27 000 ლარი იყო გამოყოფილი.

„გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის“ მიერ „ნივით“ მოგებულ ტენდერებში ავტომობილის საგარანტიო პერიოდად 6 თვე (ან 35 000 კილომეტრის გავლამდე) ან 1 წელია მითითებული. ჩვეულებრივ, როდესაც მსუბუქი ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვებში „ნივა“ არ მონაწილეობს, სახელმწიფო უწყებებს შესასყიდი ავტომობილის საგარანტიო პირობად ერთ წელზე მეტი აქვთ მითითებული. მეტიც, სრულ ავტომობილზე საგარანტიო პირობად 3 წელი (ან 150 000 კილომეტრი), ხოლო ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) 5 წელია მითითებული.

ერთი მხრივ კარგია, როცა სახელმწიფო უწყება ავტომობილებს შედარებით იაფად ყიდულობს, მაგრამ მეორე მხრივ გასათვალისწინებელია შესყიდული პროდუქციის ხარისხი. ავტომობილების შემთხვევაში საგარანტიო ვადად 6 თვის ან 1 წლის მოთხოვნა ძალიან მოკლე პერიოდია და მომავალში ავტომობილების მომსახურების ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს აჩენს. ეს ნაწილობრივ დასტურდება იმ ფაქტით, რომ უკვე შესყიდული „ნივების“ მომსახურების მიზნით, იმავე კომპანიასთან - „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯისთან“ 200 000 ლარის ღირებულების პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებია გაფორმებული სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების და აქსესუარების შეძენისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია, რომ ოკუპანტ ქვეყანაში, რუსეთში წარმოებულ პროდუქციის შესყიდვაზე სახელმწიფო ფინანსები იხარჯებოდეს? ვინაიდან საქართველოში მოქმედი შესყიდვების კანონმდებლობა რუსული პროდუქციის შეძენაზე მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევები მხოლოდ ავტომობილების შესყიდვისას არ გვხვდება. აქედან გამომდინარე, ზოგადად ეს საკითხი შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობის პრობლემადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

საერთაშორისო პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც გარკვეული ქვეყნები სანქციების ქვეშ მყოფ ან/და მათ მიმართ მტრულად განწყობილი (მითუმეტეს, ოკუპანტი) ქვეყნისგან პროდუქციის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის დახარჯვაზე უარს ამბობენ.

რთულია დავთვალოთ, წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებიდან რა თანხა იხარჯება რუსულ პროდუქციაზე, რადგან უმეტეს შემთხვევებში რუსული პროდუქციის მიმწოდებლები საქართველოს რეზიდენტ კომპანიებად არიან დარეგისტრირებული და შესყიდვების ელექტრონული სისტემის პორტალი კი მიმწოდებლების წარმომავლობას მხოლოდ კომპანიების რეგისტრაციის მიხედვით აჯგუფებს და არა შესყიდული საქონლის წარმოების ადგილის მიხედვით“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში.

ორგანიზაცია რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო დეტალურად შეისწავლოს კომპანია „გლობალ მოტორს ჯორჯია - ჯი ემ ჯის“ მიერ მოგებული ტენდერები ხომ არ იყო ე.წ. მიმწოდებელზე „მორგებული“ ტენდერები; გარდა ამისა, აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა უნდა შეისწავლოს „ნივების“ შესყიდვაზე დახარჯული სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანობა და ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის, პროდუქციის შესყიდვაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]