weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღვინის სააგენტოს განცხადებით, შემოწმების გარეშე რუსეთში ქართული ღვინო არ გადის

14:04 პარასკევი, 20 ივლისი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმაურება რუსეთის ფედერალური სამსახურის „როსპოტრებნადზორის“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები წარმოებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხს სათანადოდ ვერ აკონტროლებენ. „როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან იმპორტირებული 16 000 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს, რადგან ხარისხისა და უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მათი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა და მისი კონტროლია. სააგენტო ყურადღებას ამახვილებს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ღვინის ხარისხის კონტროლის მიზნით ხორციელდება.

„2017 წელს, „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში“ შესული ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. მანამდე სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ექვემდებარებოდა. აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და მიზანი, სწორედ ღვინის ხარისხის გაუმჯობესება იყო.

საექსპორტოდ განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინის ორგანოლეპტიკური შემოწმების მიზნით, ღვინის ეროვნულ სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ მიმდინარე წლის 6 თვეში დეგუსტაციაზე შემოსული 4813 ნიმუშიდან 93 შეაჩერა. 2017 წელს 3440 ნიმუშიდან უარყოფითად 299 შეფასდა.

საკანომდებლო ცვლილებებით ასევე მოხდა საქართველოდან ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტის აკრძალვა, რათა არ მოხდეს ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის ფალსიფიკაცია“, - განაცხადეს სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ღვინის მწარმოებელ კომპანიებში განხორციელებული სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგად, წელს 6 თვეში აღებული 123 ნიმუშიდან 15 ნიმუში არ შეესაბამებოდა აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ ლოტზე გაცემულ ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს, რის საფუძველზეც კონკრეტულ ღვინოების ექსპორტზე უარი ეთქვათ. 2017 წელს კი საექსპორტო პარტიებიდან აღებული და შემოწმებული 469 ნიმუშიდან ექსპორტირებაზე უარი 27 ნიმუშს განუცხადეს.

სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 50-ზე მეტ ქვეყანას შორის რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 24 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 24% შეადგინა.

„მიგვაჩნია, რომ ხარისხზე ზრუნვა არის მუდმივი პროცესი და მზად ვართ გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა როგორც კერძო სექტორთან, ისე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლიდან აბსოლუტური უმრავლესობა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, - განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

„როსპოტრებნადზორის“ განცხადებით, 2018 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის პარტია, რომელიც არ შეესაბამება სავალდებულო მოთხოვნებს, რაც დადგენილია მომხმარებლთა უფლებების დაცვის სფეროში ტექნიკური რეგლამენტით და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით. „როსპოტრებნადზორის“ განმარტებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]