weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო

13:01 კვირა, 22 ივლისი 2018

საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისის პლენარულ სხდომაზე 79 ხმით „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო. კანონი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტარებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს შექმნას დანაზოგი და საშულებას მისცემს მიიღოს უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი.

მიქაბაძის თქმით, დაგროვებითი პენსიის ამოქმედება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის საპასუხოდ, რასაც ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია სოციალურ პენსიასთან ერთად 50%-მდე გაზრდის პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტს.

„ჩვენ ვქმნით იმის რეალურ საფუძველს, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს სამართლიანობის და ეფექტიანობის თვალსაზრისით. სწორედ ეს არის რეფორმის მთავარი მიზანი. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ რეფორმას ასევე აქვს დადებითი ეკონომიკური გავლენა. რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება დანაზოგები ეკონომიკაში, გაჩნდება ფინანსური რესურსი, რომელიც მკვეთრი ბიძგია კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც წლიურად არ აღემატება 60 000 ლარს. ამასთანავე, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2%. გარდა ამისა, სახელმწიფო ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის 2%, ხელფასის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო დაუბეგრავი ხელფასის 1% ხელფასის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე.

თვითდასაქმებულისათვის სქემაში ჩართვის შემთხვევაში მინიმალურ კონტრიბუციას წარმოადგენს მისი დასაბეგრი შემოსავლის 4%.

დასაქმებული, რომელსაც 40 წელი შეუსრულდა და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლებამოსილია, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვის მიზნით შეიქმნება საპენსიო სააგენტო, რომლის უმაღლესი მართვის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]