weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს ლენტეხი დაატოვებინეს

13:46 შაბათი, 28 ივლისი 2018
ფოტო: სვანეთი ინფო ფოტო: სვანეთი ინფო

ლენტეხში გამართული საპროტესტო აქციის შედეგად „ხელედულა 3“ ჰესის მშენებელი თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა რაიონი დატოვეს, სამშენებლო ტექნიკას კი 31 ივლისამდე გაიყვანენ. აქციაზე მოსახლეობასთან მოლაპარაკების მიზნით ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი იმყოფებოდა.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობის ნებართვის გაუქმების და ცაგერში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გაყვანის მოთხოვნით, ხელედულას ხეობის სოფლების მცხოვრებლები ერთი კვირა შიმშილობდნენ. როგორც აქციის მონაწილეებმა „რეგინფოს“ უთხრეს, მას შემდეგ, რაც ინვესტორი კომპანიის თანამშრომლები ლენტეხიდან წავიდნენ და ტექნიკის გაყვანის დაპირება მიიღეს, შიმშილობა შეწყდა.

„სოფელ ბარდნალასთან სამხარეო პოლიციის თანამშრომელი ჩავაყენეთ და იმ შემთხვევაში, თუ მძიმე ტექნიკა ლენტეხისკენ წამოვა, გაგვაფრთხილებს. არ დავუშვებთ, ტექნიკა რაიონში შემოვიდეს. თუ პირობა არ შესრულდება და მძიმე ტექნიკა 31 ივლისის შემდეგაც ადგილზე დარჩება, შიმშილობას გავაგრძელებთ“, - უთხრა „რეგინფოს“ ზაზა ლიპარტელიანმა.

ლენტეხის მოსახლეობამ აქცია იმ სასტუმროს წინ გამართა, სადაც ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე კვირა ცხოვრობდნენ. აქციის მონაწილეები რაიონიდან მათ წასვლას, მძიმე ტექნიკის გაყვანას და „ხელედულა 3“ ჰესის პროექტის გაუქმებას ითხოვდნენ. შეკრებილ ხალხს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობის გამო არსებული დაძაბულობისა და შიმშილობის შესახებ ერთი დღით ადრე შეიტყო და ლენტეხში ვითარების გასარკვევად ჩავიდა.

„ჩვენ არ ვიცავთ არც ინვესტორის და არც არავის ინტერესებს. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესი არის საქართველოს და ადგილობრივი კუთხის ინტერესი. გარანტიას გაძლევთ, რომ აქ რაც გაკეთდება, იქნება პირველ რიგში, თქვენი და საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე.

ჩვენ გვაქვს ძალიან, ძალიან რთული ვითარება, ხალხო. რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ენერგეტიკის მიმართულებით ძალიან ცოტა რამ გაკეთდა.

როგორც ახალმა პრემიერმა განაცხადა, რაიონებში ვგეგმავთ ძალიან დიდ პროექტებს, როგორიც არის ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა, რაც მოითხოვს ძალიან ბევრ ენერგიას.

დამოკიდებულები ვართ იმპორტულ ენერგიაზე და უფრო და უფრო იზრდება მისი წილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. თუ გვინდა, რომ ვიყოთ დამოუკიდებლები, უნდა გვქონდეს დამოუკიდებელი ენერგეტიკა. ამას გეუბნებით წმინდა გულით, როგორც ქართველი, როგორც ამ კუთხის შვილი. მე აქ ვარ გაზრდილი - ლესემაში. ხელედულაში ვბანაობდი ყოველ ზაფხულს და ჩემთვის ეს არის ყველაზე საყვარელი კუთხე. ვამაყობ ამ კუთხის მოსახლეობით. ეს გაუგებრობა ერთად უნდა მოვაგვაროთ“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

აქციის მონაწილეებმა მინისტრის მოადგილეს უპასუხეს, რომ პრობლემის გადასაჭრელად გადადგმული პირველი ნაბიჯი თურქეთიდან ჩამოყვანილი მშენებლებისა და სამშენებლო ტექნიკის რეგიონიდან გაყვანა იქნებოდა.

„ძალიან ადრე უნდა გაგეგოთ, რომ აქ დაძაბული სიტუაციაა. თვეებია ხალხს 24-საათიანი საგუშაგო აქვს გახსნილი და სოფელს იცავს. ჩვენ ვიცავთ ადგილს, სადაც ვცხოვრობთ.

გასაგებია, რომ საჭიროა ჰესი, ენერგეტიკა და ეკონომიკის წინსვლა, მაგრამ ეს საჭიროა მაშინ, როდესაც მე ჯერ საცხოვრისი მაქვს. მე დენი მინდა მაშინ, როდესაც სახლში დამედგომება.

ხელისუფლების მხრიდან პირველი კომპრომისი ეს იქნება - ჩვენ განზე გავიწევით, კორიდორს გაგიკეთებთ, გამოიყვანთ ამ თურქებს და გააცილებთ. ეს იქნება ჩვენგან მოთხოვნა. ის ოთხი-ხუთი კაცი, ვინც შიმშილობს, არ გვემეტება. მათ დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ“;

„რა გააკეთეს მათ აქ? არაფერი გარდა იმისა, რომ გააღიზიანეს ხალხი. გავიდეს ეს ხალხი აქედან და გაიყვანონ ტექნიკა, რის შემდეგაც ის ახალგაზრდებიც შეწყვეტენ შიმშილობას და ამოითქვამენ სულს. თუ ამ შიმშილობის გაგრძელების შედეგად რამე მოხდება, მერწმუნეთ ძალიან გამწვავდება სიტუაცია“, - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

მათივე თქმით, ის დასკვნები, რომლის საფუძველზეც „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, გაყალბებულია და ისე მომზადდა, რომ გეოლოგს საველე პირობებში არ უმუშავია: „ჯერ დადონ დოკუმენტაცია. ისე კი არა, რომ დღეს ერთი დოკუმენტია, ზეგ მეორე, იმის ზეგ - მესამე. ხალხს ატყუებენ. 1987 წლის დიდთოვლობის და წყალდიდობის შედეგად ნებისმიერ სოფელს აქვს გეოლოგიური დასკვნა, ყველას უწერია, რომ აქედან უნდა წავიდეს, მაგრამ მთავრობამ ეს ვერ უზრუნველყო. მაშინ თუ ეროზირებული იყო ნიადაგი და გადასაყვანია ხალხი, დღეს რომ გვირაბებს გაგვითხრით და საგუბრებს დაგვიდებთ წინ, ის ამყარებს ამას, თუ უფრო მოშლის სიტუაციას?“.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი ჩიქოვანისგან მიიღეს დაპირება, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივებს შეხვდება, თუმცა კონკრეტული თარიღი დასახელებული არ ყოფილა.

„ხელედულა 3“-ის მშენებლობა მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. დასკვნის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 254.934 მგვატ.სთ. სამშენებლო სამუშაოების საერთო ხანგრძლივობა დაახლოებით 3.5 – 4 წელია. ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100 %-ის მესაკუთრეა თურქული ორგანიზაცია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.

 

ამ თემაზე:

რატომ აპროტესტებს ლენტეხის მოსახლეობა „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]