კოოპერატივი „სომეჯი“ ფურისულას სოფელ წითლიანთკარში მდებარე საწარმოში ამუშავებს.
„სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლის მარიკა ზარანდიას ინფორმაციით, ევროპაში ექსპორტზე სოფლებში - ნიჩბისსა და შარახევში წარმოებული გამშრალი ფირისულაც გაიტანეს, საერთო ჯამში 130 კილოგრამი.
„ამ კოოპერატივების მიერ შეგროვილი და გამომშრალი ფურისულა საშუამავლო კომპანია „კახეთი ბიომ“ შეისყიდა, რომელმაც ფურისულა გერმანიაში გაიტანა. გერმანული კომპანია ფურისულას ყვავილს ბავშვის ხველების წამლის დასამზადებლად იყენებს. კოოპერატივი „სომეჯი“ ფურისულას ყვავილს ხანდოს ხეობაში, „ნიჩბურა 2015“ და „შარახევი 1“ კი ყვავილს მცხეთა-მთიანეთის ტყეებში კრეფენ“, - უთხრა „რეგინფოს“ მარიკა ზარანდიამ.
მისივე თქმით, სოფელ წითლიანთკარში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები კოოპერატივის შენობასთან ახლოს გაჰყავთ, რამაც შესაძლოა საწარმოს ზიანი მიაყენოს.
„მაღალი ძაბვის ხაზი კოოპერატივის თავზე არ გადადის, თუმცა საფრთხე ქვათა ცვენის, თუ სხვა სახით არსებობს. კოოპერატივთან ახლოს გაჰყავთ გზა, რის გამოც წამოსული ღორღი შენობის ეზოში შევიდა. მთავრობის დაპირებაა, რომ თუ კოოპერატივს ზიანი მიადგება, ზარალს აანაზღაურებენ“, - აღნიშნა მარიკა ზარანდიამ.
კოოპერატივი „სომეჯი“ 2015 წელს შეიქმნა. კოოპერატივი 15 წევრისგან შედგება, მათ შორის 10 ქალია. კოოპერატივისთვის ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმო სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ ააშენა და შესაბამისი აღჭურვილობა და ხელსაწყოები გადასცა. „სომეჯი“ ერთადერთი კოოპერატივია, რომელიც ხანდოს ხეობაში მდებარეობს.
კოოპერატივის საქმიანობა ტყის არამერქნული პროდუქტების - კენკრის, ველური მცენარეების, ველური სამედიცინო ბალახების, შეგროვება-გაშრობა-დაფასოება, ხილის ჩირის, ტყლაპის დამზადებაა. ფირისულას გარდა საწარმოში ასკილს, გვირილას, დეკას, ზღმარტლს, თავშავას, კუნელს, მაჟალოს, მთის პიტნას, მრავალძარღვას, პანტას, ტყემას, შინდს და ჭინჭარს ამუშავებენ.