weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთიულეთსა და ილტოში მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება

19:37 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

დუშეთის და ახმეტის სოფლებში მსხვილფეხა პირუტყვი ნოდულარული დერმატიტით მასობრივად დაავადდა. სოფელ ვაშლობში მცხოვრებ ციური გიგაურს ერთი ძროხა უკვე მოუკვდა, რვა სული კი დაავადებას ებრძვის. მთიულეთის სოფლებში საქონელი სხვა ფერმერებსაც დაეხოცათ.

„ოცდაათამდე ძროხა ანტიბიოტიკებით მე თვითონ დავამუშავე. გადავარჩენ თუ ესენიც დაიხოცებიან, არვიცი“, - უთხრა ციური გიგაურმა „რეგინფოს“.

ვაშლობის მოსახლეობისთვის შემოსავლის მთავარი წყარო რძის პროდუქტებია.

ვასილ ქავთარაძის თქმით, სამი-ოთხი კვირაა რძეს, ხაჭოს და ყველს ვეღარ ყიდიან: რძეს პირდაპირ ვღვრით. წამალიც კი არ გვაქვს, რომ რამით ვუშველოთ.

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობის სოფელ ჭართალში მცხოვრებმა მიხეილ ღანიშაშვილმა დახმარებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივ სამსახურს მიმართა.

ნოდულარული დერმატიტის წინააღმდეგ ვაქცინაციას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, შესაბამისად, საქონლის აცრა უფასოა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს რაიონულ ოფისში, ჩვენი ხეობის კურატორმა ვეტექიმმა მითხრა,

თქვენთან იმ შემთხვევაში ამოვალთ, თუ სოფელში არანაკლებ 50 სული ძროხაა და ვაქცინაციაზე ყველას პატრონი თანახმა იქნებაო. ვაქცინა მაკე ძროხას აბერწებს. ამიტომ, ჯერ უნდა წახვიდეთ, ძროხების ყველა მეპატრონე მოიაროთ, შეუთანხმდეთ, სულადობა დაგვიზუსტოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთო. ამდენი ძროხა რომ არ მოგროვდეს, ამიტომ სახელმწიფო პროგრამის გარეშე უნდა დავრჩე და საქონელი დამეხოცოს მეთქი? ეგ ჩვენი პრობლემა არ არისო, მშვიდად მიპასუხეს.

უფლება არ გვაქვს 50-ზე ნაკლები ძროხის გამო ვაქცინის კოლოფი გავხსნათო“, - ამბობს მიხეილ ღანიშაშვილი.

ილტოს ხეობის სოფელ ჭართალში სულ 12 ოჯახიღა ცხოვრობს, ძირითადად, მოხუცები.

„ყველაზე გაბედული სტატისტიკით 30-35 ძროხა თუ მოგროვდება სოფელში. ვეტექიმი კი ამ რაოდენობის საქონლის ასაცრელად ხეობაში ამოსვლაზე უარს ამბობს და მოსახლეობას გზას უჭრის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობაზე“, - აღნიშნავს მიხეილ ღანიშაშვილი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვაქცინაცია რომელიმე დასახლებულ პუნქტში საქონლის კონკრეტულ რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. „ჩვენი სპეციალისტები დღეს დილითაც იყვნენ ჭართალში ვითარების გასარკვევად. ჩატარდება ყველანაირი ღონისძიება, რაც სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული“, - განაცხადეს სააგენტოში.

უწყების მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ 350 ათასი სული პირუტყვია ვაქცინირებული.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით. მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით. ავადმყოფი ცხოველი სწრაფად ხდება, უქვეითდება პროდუქტიულობა, მაკე ცხოველებში შესაძლებელია ადგილი ქონდეს აბორტებს, ბუღები კარგავენ რეპროდუქტიულობას. დაავადება ძნელად გადააქვს სუფთა სისხლის საქონელს, მეწველ და სუსტ ცხოველებს. ცხოველთა სიკვდილიანობა 10%-მდე მერყეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]