weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თუშეთში 3 900 ლარის საჩუქრების ასატანად, ახმეტის გამგეობამ 46 800 დახარჯა

19:25 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 46 800 ლარი დახარჯა ვერტმფრენით მომსახურებაზე, რომ თუშეთში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის 3 900 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები გადაეცა. საბიუჯეტო თანხების უყაირათოდ ხარჯვის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ 2016-2017 წლებში, ბიუჯეტებით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (თუშეთის მოსახლეობის ავიარეისით მომსახურება) ფარგლებში, საჰაერო ფრენების მომსახურება შეისყიდა ორი ტენდერის საშუალებით. კერძოდ, 2016 წელს ღირებულებით 70 000 ათასი ლარი და 2017 წელს ღირებულებით 25 500 ლარი.

ხელშეკრულებების მიხედვით, საჰაერო ტრანსპორტით ადგილობრივ მოსახლეობას უნდა ესარგებლა, ძირითადად ზამთარში, როცა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა, აბანოს უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო 6-7 თვით ჩაკეტილია.

„დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში სულ 5 ფრენა განხორციელდა და ანაზღაურებულმა თანხამ 95 500 ლარი შეადგინა. მათ შორის 3 ფრენის ფარგლებში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გადაყვანა და მათთვის სასურსათო მარაგისა და საჭირო ინვენტარის გადატანა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ფრენას, მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, განხორციელდა თუშეთში მცხოვრები პირებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების გადასაცემად

კერძოდ, 2016 წლის 29 თებერვალს ვერტმფრენით იმგზავრა მუნიციპალიტეტის შვიდმა წარმომადგენელმა და შვიდმა ადგილობრივმა მოსახლემ, მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა 21 300 ლარი და ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა 1 300 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები.

2017 წლის 21 თებერვალს ვერტმფრენით იმგზავრეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და მათ მიერ მოწვეულმა სტუმრებმა, სულ 19-მა ადამიანმა. მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა 25 500 ლარი და ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცა 2 600 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტები და მედიკამენტები (მედიკამენტების ღირებულება შეადგენდა 138 ლარს).

აღნიშნული ორი ფრენის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხდა 3 900 ლარის ღირებულების სასაჩუქრე პაკეტების გადაცემა, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტმა 46 800 ლარის ხარჯი გასწია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჩინოვნიკები თუშეთში მუდმივად მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით, ზამთარში, მთაში დროს რომ ატარებდნენ, ამ თემაზე „მთის ამბებმა“ სტატია 2017 წლის თებერვალში გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, საახალწლო პროდუქტების გადაცემის საბაბით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ, მომღერლებმა და სხვებმა.

 

ამ თემაზე:

ჩინოვნიკების დროსტარება თუშეთში მთაში მცხოვრებთათვის მაკარონის და ყავის გადაცემის მიზეზით

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]