weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიის მერიამ და ნენსკრა ჰესის მშენებელმა კომპანიამ 4-წლიანი მემორანდუმი გააფორმეს

16:20 ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი სოფლებში - ჭუბერსა და ნაკრაში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

მესტიის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტის გაფორმებიდან 3 თვის ვადაში შემუშავდება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ასევე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას მოიცავს.

„მემორანდუმი 4-წლიანია, ინვესტიციის ოდენობა კი ეტაპობრივად - ჭუბერისა და ნაკრას საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სს „ნენსკრა ჰიდრო“ შიდა გზების, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაციისთვის 1.5 მილიონ ლარს გამოყოფს. განსახორციელებელი პროექტები „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მერიის მიერ დაფინანსდება“, - განაცხადეს მესტიის მერიაში.

„ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელი დირექტორის, სანიანგ კიმის თქმით, ის მოხარულია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტთან მათი თანამშრომლობა ახალ და საინტერესო ეტაპზე გადადის.

„2017 წელს ჩვენს მიერ შეიქმნა სპეციალური საინვესტიციო პროექტი - „თემის განვითარების პროგრამა“, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, ასევე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოიცავს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება იმისა, რისი გაკეთებაც ამ მიმართულებებით იგეგმება“, - განაცხადა „ნენსკრა ჰიდროს“ დირექტორმა.

ნენსკრა ჰესი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში აშენდება. ჰიდროელექტროსადგური წელიწადში დაახლოებით 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ბაზარს მოხმარდება, რაც ზამთრის სეზონის განმავლობაში ენერგიის იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჰესის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს.

სვანეთის მცხოვრებლები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერიოდულად მართავენ საპროტესტო აქციებს მესტიასა და თბილისში. რამდენიმე თვის წინ სვანეთში ჰესების მშენებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება სვანეთის საერთო კრება - ლალხორზე მიიღეს, რომელსაც ყველა თემის წარმომადგენელი ესწრებოდა. ლალხორმა ასევე მოითხოვა, რომ სახელმწიფომ, გაერომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სვანები სვანეთის მკვიდრ მოსახლეობად აღიარონ და მათთან შეთანხმების გარეშე არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]