ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და დაახლოებით 2022 წლისთვის დასრულდება.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ განაცხადა, გაზსაცავი სტრატეგიული ობიექტია, რომელსაც მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. მისივე თქმით, გაზსაცავში ის გაზი დაგროვდება, რომელიც ზამთრის სეზონის ე.წ. პიკურ პერიოდებში მოსახლეობის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.
„შაჰდენიზის მეორე ფაზის შედეგად საქართველო მიიღებს მეტ იაფ ბუნებრივ აირს. შესაბამისად ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ გაზსაცავის მშენებლობა იაფი გაზის მიღების პროცესის დაწყებამდე, რათა იქ დაცული გაზი ზამთარში პიკური მოხმარების დროს გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17 აგვისტოს განაცხადა. მისი თქმით, გაზსაცავის მშენებლობით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება.