როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამბროლაურში საოჯახო სასტუმროებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და მათი პოპულარიზაციისთვის მეტი გრანტი უნდა გაიცეს.
„დღეს დავათვალიერე რამდენიმე მათგანი. ძალიან დიდი მოთხოვნაა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ კუთხეში მინიმუმ გავასამმაგოთ ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა. შესაბამისად, მეტი გრანტია გასაცემი, რომ საოჯახო სასტუმროების მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ.
21 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, 18 მათგანი წელსვე დასრულდება, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, მეტი დინამიკა გვქონდეს სოფლის გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საქმეში. ამ თვალსაზრისითაც 2019 და 2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ჩვენ ვაწარმოებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამბროლაურში შენდება რამდენიმე მოედანი. მსგავსი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ. ეს არის დაახლოებით 10-15% იმ პოტენციალისა, რაც ამ ლამაზ კუთხეში გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის თქმით, შემდეგი ეტაპი შოვის და სხვა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარება იქნება.