„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ესპანელ კოლეგებთან ერთად უკვე ჩაატარეს კახური ღორის პირველი დაკვლები, ამჟამად დასრულებულია ხორცის ნედლად შრობის ექსპერიმენტი და პირველი ქართული „ჰამონი“ მიიღეს“, - განაცხადეს სამინისტროში.
კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“ ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში კახური ღორის აღდგენა-მოშენების ხელშეწყობას, მომთაბარე მეღორეობის აღორძინებასა და ღორის მოშენების ინტენსიურ სისტემებზე გადასვლას, ტყის ნაყოფების რეზერვების გამოყენებას და მაღალხარისხიანი ხორცის წარმოებას, რისგანაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ჰამონი“ დამზადდება.
პროექტი საპარტნიორო ფონდის მიერ არის თანადაფინანსებული და ნაყოფისმომცემი ტყეების რეგიონებში 1200 ნეზვზე გათვლილ 9 ფერმის აშენებას ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების პროცესშია.
რაც შეეხება კრწანისის მეღორეობის ფერმას, ის პირველი რიგის რეპროდუქტორის ფუნქციას შეასრულებს და საკერატეებითა და სანეზვეებით მოამარაგებს საოჯახო ფერმერულ მეურნეობებს.
„კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს. საქართველოს რეგიონებში არსებული ნაყოფისმომცემი ტყის მასივების რაციონალურად გამოყენება კახური ღორის საშუალო ფერმერული და საოჯახო მეურნეობების კარგად განვითარების შესაძლებლობას იძლევა“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
კახურ ღორზე ერთიანი სასელექციო პროცესს ხელმძღვანელობას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაუწევს.