weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში ღვინის კომპანიები საფერავში 2.40 ლარს იხდიან, რქაწითელში - 75 თეთრს

17:54 პარასკევი, 07 სექტემბერი 2018

კახეთში საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1.80-დან 3 ლარამდე მერყეობს. კომპანია „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ ქინძმარაულის მიკროზონის საფერავს 3 ლარად იბარებს, მუკუზნის მიკროზონაში მოყვანილ და ჩვეულებრივ საფერავში კი 2 ლარს იხდის. აღნიშნული კომპანია რქაწითელს (სასპირტე) 70 თეთრად ყიდულობს. „ქართულ ტრადიციულ მეღვინეობაში“ აცხადებენ, რომ წელს 6 ათას ტონამდე ყურძნის ჩაბარებას გეგმავენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე კომპანია „ბადაგონის“ ღვინის ქარხანა მიკროზონის საფერავს 2.20 – 2.40 თეთრად იღებს, რქაწითელში კი 80 თეთრს იხდის. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გერმანე შენგელიამ „რეგინფოს“ უთხრა, ყურძნის ფასი ყოველდღიურად იცვლება და ჯერჯერობით ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

„საფერავის ჩაბარება 1.50 ლარიდან დავიწყეთ, შემდეგ 1.65 გახდა, შემდეგ 1.80, 2 ლარი და დღეს 2.20 ღირს. ჯერჯერობით ფასები მატულობს“, - ამბობს შენგელია.

2.10 – 2.20 ლარად იბარებს მიკროზონის საფერავს „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, ჩვეულებრივ საფერავში კი 2 ლარს იხდის. კომპანია წელს 10 – 12 ათასი ტონა ყურძნის ჩაბარებას აპირებს.

გურჯაანში მდებარე „ხაოს მარანს“ 200 ტონა ყურძენი აქვს ჩაბარებული და კიდევ დაახლოებით 800 ტონის მიღებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენელმა მაია გაგოშიძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ მიკროზონის საფერავში 1.80 – 2 ლარს იხდიან, რქაწითელში კი მაქსიმუმ 75 თეთრი აქვთ გადახდილი.

„ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ“ რქაწითელის ჩაბარება დროებით შეაჩერა, რადგან, მათი თქმით, ყურძენი სიმწიფეში შესული არ არის. 400 ტონამდე უკვე ჩაბარებული ყურძნიდან რქაწითელში 80 თეთრი გადაიხადეს, მიკროზონის საფერავში კი 2.20 – 2.25 ლარი.

მუკუზანსა და ახაშენში მოყვანილ საფერავს ჭანდრის ღვინის ქარხანაში 2 ლარად ყიდულობენ, რქაწითელს კი 70 – 75 თეთრად.

კომპანია „თბილვინო“ მხოლოდ რქაწითელს იღებს და კილოგრამში 80-85 თეთრს იხდის. კომპანია წელს 3 ათასი ტონა ყურძნის ჩაბარებას აპირებს.

„თელავის ღვინის მარანმა“ საშამპანიურე „მწვანე“ 85 თეთრად ჩაიბარა, რქაწითელი კი 80 თეთრად. ამ დროისთვის ღვინის კომპანიას ყურძნის მიღება შეჩერებული აქვს და მხოლოდ საკუთარ მოსავალს გადაამუშავებს.

ღვინის კომპანიების ნაწილი ყურძნის მიღებას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

კახეთში რთველი ერთი კვირაა მიმდინარეობს და უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. 7 სექტემბრის მონაცემებით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში 17 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 10 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე რქაწითელი, 800 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ბოლო 10 წელში პირველად, წლევანდელი რთვლისთვი სახელმწიფომ სუბსიდია აღარ გამოყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, მეღვინეობა-მევენახეობის დარგი გაძლიერებულია და სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]