weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარიხუანას წარმოება მკაცრად იქნება გაკონტროლებული - მამუკა ბახტაძე

10:54 ოთხშაბათი, 12 სექტემბერი 2018

„რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

„მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავდექით ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე - მარიხუანას პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ, მე დავავალე შს სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანას საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს.

იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან“, - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, „კანონპროექტის მიხედვით მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს“.

„ასევე, ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდებში მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენის გამო ასევე დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა ამავე დროს მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. მარიხუანას გასაღება რჩება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად და ის არის დასჯადი“, - განმარტა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობას გაცნობიერებული აქვს ყველა რისკი და ამიტომ გადაწყვიტა მარიხუანას კულტივაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

„თუ კულტივაცია არ იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები.

რაც შეეხება ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას.

რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას პრობლემას“, - განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისთვის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]