weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

5 რეგიონში კენკროვანი კულტურების გაშენებას მთავრობა 100 %-ით დააფინანსებს

15:12 პარასკევი, 21 სექტემბერი 2018

ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა.

ახალი ქვეკომპონენტის ფარგლებში, საქართველოს ხუთ რეგიონში დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.

კენკროვანი კულტურების გაშენების პროგრამა განხორციელდება:

იმერეთში - საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;

გურიაში - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში;

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში; 

სამეგრელო-ზემო სვანეთში - წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში;

მცხეთა-მთიანეთში - მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.

პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501.

ახალი ქვეკომპონენტის დეტალები მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა დღეს დუშეთის კულტურის სახლში გააცნეს.

„მრავალწლიანი კულტურების გაშენება სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ყველა, მათ შორის მცირე მწარმოებელიც, იყოს ჩართული განვითარების პროცესში. ახალი ქვეკომპონენტი, „კენკროვანი კულტურები“ სწორედ მცირემიწიანი ფერმერების მხარდაჭერას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, შალვაკერესელიძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევა განავითარონ საკუთარი მცირე ფერმერული მეურნეობები და მიიღონ სარგებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]