მინისტრმა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში თორნიკე ჩუბინიძის ღვინის მარანი დაათვალიერა.
ახალგაზრდა მეღვინე თორნიკე ჩუბინიძე თბილისიდან სოფელ შილდაში საცხოვრებლად 2016 წელს გადავიდა. სამინისტროს ინფორმაციით, იმავე წელს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის მხარდაჭერით, თორნიკე ჩუბინიძემ ღვინის მარანი ააშენა და პირველი მოსავალი დაწურა. 2017 წელს, თორნიკე ჩუბინიძემ ექსპორტზე 40 ათასამდე ბოთლი ღვინო გაგზავნა. „მარანი ჩუბინი“ ექსპორტს მსოფლიოს 4 ქვეყანაში ახორციელებს: იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში.
„ამერიკაში ჩვენი ღვინის ექსპორტის პირველი პარტია რამდენიმე დღის წინ გავგზავნეთ. ამერიკელ იმპორტიორებთან კონტაქტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი დეგუსტაციის შემდეგ დავამყარეთ. მიმდინარე ზაფხულს ჩვენმა მარანმა 15-მდე ქვეყნის ქართული ღვინის კულტურით დაინტერესებულ ტურისტს უმასპინძლა. მარანში სხვადასხვა მოცულობის 28 ქვევრი გვაქვს. ყურძენს მევენახეებისგან ვყიდულობთ, თუმცა, სამომავლოდ, აუცილებლად შევიძენ საკუთარ ვენახს და წარმოებასაც გავაფართოებ“, - აღნიშნა თორნიკე ჩუბინიძემ.
კახეთში ვიზიტის დროს მინისტრმა კომენტარი მიმდინარე რთველზეც გააკეთა.
„მეღვინეობის დარგში არსებული ჯანსაღი კონიუნქტურიდან გამომდინარე, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია, გადამუშავებულია 130 ათასამდე ტონა ყურძენი; კახეთში მევენახეების შემოსავალმა 190 მლნ ლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.