weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ხელედულა 3“-ის მშენებლობა შესაძლოა EBRD-მა 30 მილიონი დოლარით დააფინანსოს

11:30 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018
ფოტოზე აქცია "ხელედულა 3"-ის მშენებლობის წინააღმდეგ ფოტოზე აქცია "ხელედულა 3"-ის მშენებლობის წინააღმდეგ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ხელედულას და დევაშის ხეობებში, ჰიდროელექტროსადგურ „ხელედულა 3“-ის მშენებლობის 30 მილიონი დოლარით დაფინანსებას გეგმავს. პროექტის კონცეფცია EBRD-ის ბორდმა გუშინ განიხილა, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს მიიღებს.

51 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტს, რომლის მთლიანი ღირებულება 88.7 მილიონი აშშ დოლარია, თურქული კონგლომერატი „ანადოლუ ჯგუფი“ ახორციელებს.

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, 2017 წლის 24 მაისს აქვს დამტკიცებული. დასკვნის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 254.934 გვატ.სთ.

ჰესის მშენებლობისთვის მდინარე ხელედულაზე გათვალისწინებულია 8 მეტრიანი დამბის მოწყობა (დამბა 1), მდინარე დევაშის კალაპოტში მდინარე ხელედულას გადაგდების მიზნით კი 3816 მეტრი სიგრძის უდაწნეო გვირაბის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 4.25 მეტრი იქნება, სიგანე კი 4.85 მეტრი. 11-მეტრიანი დამბის (დამბა 2) მოწყობაა გათვალისწინებული მდინარე დევაშის ხეობაში, წყალმიმღებიდან წყალი გადავა სადაწნეო აუზში და შემდგომ მიეწოდება 2300 მეტრი სიგრძის სადაწნეო გვირაბს. სადაწნეო გვირაბის შემდეგ წყალი მიეწოდება სადაწნეო მილსადენს, რომლის დიამეტრი 2.60 მეტრია. სადაწნეო მილსადენი სამ ნაწილად იყოფა და ჰესის შენობაში განთავსებულ ტურბინებამდე გაგრძელდება.

გეოლოგების დასკვნით, იმ ტერიტორიაზე, სადაც გვირაბების მოწყობაა დაგეგმილი, მოსალოდნელია ღვარცოფული, მეწყრული, ეროზიული და სხვა საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურება. ჰესის მშენებლობისთვის 18-20 ჰექტარზე ტყეც გაიჩეხება. სოფლებში - ხელედში, წანაშსა და ლესემაში საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს დატბორვა ემუქრება.

ადგილობრივი მოსახლეობა „ხელედულა 3“-ის მშენებლობის წინააღმდეგია. ივლისის ბოლოს, ჰესის მშენებლობის ნებართვის გაუქმების და ცაგერში მობილიზებული თურქული სამშენებლო კომპანიის ტექნიკის გაყვანის მოთხოვნით, ხელედულას ხეობის სოფლების მცხოვრებლები ერთი კვირა შიმშილობდნენ. მათი თქმით, დასკვნები, რომლის საფუძველზეც „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, გაყალბებულია და ისე მომზადდა, რომ გეოლოგს საველე პირობებში არ უმუშავია. 28 ივლისს ლენტეხის ცენტრში ადგილობრივების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, რაც მომიტინგეებს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაშინდელი მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი შეხვდა. პროტესტის შედეგად თურქული კომპანიის წარმომადგენლები ლენტეხიდან წავიდნენ.

 

ამ თემაზე:

რატომ აპროტესტებს ლენტეხის მოსახლეობა „ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]