weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა შეიზღუდება – კანონპროექტი

11:08 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა მნიშვნელოვნად იზღუდება. ცვლილება „რეკლამის შესახებ“ კანონში შედის.

კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით იკრძალება, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში დასაშვები იქნება მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება აიკრძალება ასევე რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.

ამასთან, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა.

ცვლილება შედის ასევე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც აზარტული და მომგებიანი თამაშის რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისთვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში. აღნიშნულ საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები შეადგენენ.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი არიან.

ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, აზარტულ თამაშებში, ონლაინ და სხვა სივრცეებში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანია რეგისტრირებული, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი კი მათი რაოდენობის შემცირებაა.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება ძალიან სერიოზული შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ ​ამოცანა, რომელიც ამ ეტაპზე დგას, არის ამ ადამიანების რიცხოვნობის შემცირება. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ავუხსნათ ადამიანებს ამ სერვისის ნაკლოვანებები“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში სავარაუდოდ ორშაბათს დარეგისტრირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]