weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხელვაჩაურში ტრაილერების მძღოლები აქციას მართავენ

15:30 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018
ფოტო: თამაზ ბაკურიძე ფოტო: თამაზ ბაკურიძე

ტრაილერების მძღოლები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვაზე მუშაობენ, ხელვაჩაურში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ორ თვეზე მეტია თურქული მხარე ტრანზიტისთვის საჭირო ნებართვას არ გასცემს, რის გამოც უმუშევრები დარჩნენ.

მძღოლების თქმით, მათთვის უცნობია როდის დაიწყება საჭირო დოკუმენტის გაცემა. ამ საკითხზე პასუხს ისინი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან ითხოვენ, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში კი სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

„ორი თვეა ველოდებით. ტექნიკური საკითხი იყო მოსაგვარებელი. ბოლოს გვითხრეს, რომ ნებართვები დაბეჭდილია და ელოდებიან ჩამოტანას. ორი თვეა ვერ ჩამოიტანეს. ერთი კვირაა უკვე ქუჩაში გამოსული ველოდები“, - განაცხადა ნუგზარ იაკობიძემ „აჭარის ტელევიზიასთან“.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში შემოსვლის დროს თურქ მძღოლებს მსგავსი პრობლემა არ ექმნებათ და საჭირო ნებართვას საბაჟოზე ნებისმიერ დროს იღებენ.

„თვეების განმავლობაში მანქანები დგას უმუშევარი. პირადად, მე ყოველთვიურად 1700 დოლარი მაქვს გადასახდელი და მანქანა გაჩერებულია, ვერ მუშაობს. აქ ყველას ანალოგიური პრობლემა აქვს. ყოველდღე იგივე სიტუაციაა. აქ არის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ფილიალი, რომელიც ფუნქციონირებს, მაგრამ რას აკეთებენ, მგონი, თვითონაც არ იციან“, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

სატვირთო მანქანების მძღოლებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შეუერთდა, რომელმაც თქვა, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, მძღოლები რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

„ეს არ არის პირველი პროტესტი. თვეების განმავლობაში ეს ადამიანები სავსებით კანონიერად და სამართლიანად ითხოვენ იმას, რაც ეკუთვნით. მათ უკან არის ვალები, ოჯახები და ამ ნებართვის არგაცემის შედეგად უამრავი ოჯახი რჩება საარსებო წყაროს გარეშე. ხელისუფლება ვალდებულია, თუ ნებართვების გაცემას ვერ უზრუნველყოფს, ალტერნატიული გზა გამონახოს“, - განაცხადა ბაკურიძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თურქულ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია, ელოდებიან ტექნიკური საკითხების დაზუსტებას და უახლოეს მომავალში მძღოლების პრობლემა გადაიჭრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]