ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და დედაქალაქის ტურისტულ ზონებში მდებარე სავალუტო პუნქტები მომხმარებლებს სათანადოდ არ აწვდიდნენ ინფორმაციას ვალუტის გადაცვლის ოპერაციების შესახებ. კერძოდ, სავალუტო პუნქტებს არ ჰქონდათ მითითებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ და ამით შეგნებულად ახდენდნენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.
კურსი საყურადღებოა, თუ ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა აღემატება 3%-ს ან ვალუტის შესყიდვის ან/და გაყიდვის კურსი 3%-ით ან მეტით არის გადახრილი იმ დღისთვის არსებულ სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, სავალუტო პუნქტები ვალდებულნი არიან მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდონ სრული ინფორმაცია როგორც ვალუტის საყურადღებო გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს (ასეთების არსებობის შემთხვევაში) ოდენობის, ისე განხორციელებული ოპერაციის 30 წუთში გაუქმების შესაძლებლობის შესახებ.
„მოქმედი წესებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებულნი არიან ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, გააუქმონ აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა. ასევე, მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს სარეგისტრაციო მოთხოვნების დარღვევის გამო, 120 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდა, ხოლო 85 პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა.
ეროვნული ბანკი მოუწოდებს მომხმარებელს, ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. მომხმარებლებს მათი უფლებების დარღვევის შემდთხვევაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე - 2 406 406.