weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

EMC პანკისში კიდევ ერთი ჰესის – „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობას ასაჩივრებს

12:36 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018
ფოტო პანკისის სათემო რადიო WAY-ის არქივიდან ფოტო პანკისის სათემო რადიო WAY-ის არქივიდან

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), პანკისის ხეობის მაცხოვრებლების სახელით, ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის საკითხზე დავა დაიწყო.

დავა შეეხება მდინარე სამყურისწყალზე, შპს „ფერის“ მიერ დაგეგმილი 26.28 მვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობას. EMC-ის განმარტებით, სახელმწიფომ ჰესის მშენებლობაზე ნებართვები ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ჩართულობისა და კვლევების გარეშე გასცა.

EMC მოითხოვს „სამყურისწყალი 2 ჰესის“ იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც პანკისის ხეობაში აღნიშნული ჰესის მშენებლობა შესაძლებელი გახდა.

„სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: 1. მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებული დავა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, განიხილავს; 2. ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციის საკითხზე ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებული სარჩელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განიხილება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

EMC მიიჩნევს, რომ „სამყურისწყალი 2 ჰესის“ საპროექტო დოკუმენტაცია მთელ რიგ კანონდარღვევებსა და ურთიერთშეუსაბამობებს მოიცავს, რაც, კანონის მოთხოვნების შესრულების პირობებში, გამორიცხავდა სახელმწიფოს მიერ მასზე ნებართვების გაცემას.

„სახელმწიფომ ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზა კანონით განსაზღვრული მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარების გარეშე გასცა და კომპანიას მათი წარმოდგენის ვალდებულება ნებართვის მიღების შემდგომ დააკისრა.

ეს მთლიანად ილუზორულს ხდის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების არსს და გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ ჰესების მშენებლობისას რისკების შეფასებას სრულიად ფორმალურ პროცესად აქცევს. აღნიშნულის გარდა, ასევე არასათანადოდ არის ჩატარებული კვლევები ან წარმოდგენილია ორაზროვანი შეფასებები მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს მდინარე სამყურისწყალთან, ალაზანთან და მიმდებარე ბუნებრივ გარემოსთან ღრმა სოციალური კავშირი აქვთ. EMC-ის შეფასებით, ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობა მაღალი ალბათობით გამოიწვევს ხეობაში სასმელი წყლის რესურსის ნაკლებობას, რაც ადგილობრივებს მძიმე სოციალურ ტვირთად დააწვება.

„წყლის რესურსის შემცირებას გარემოზე ასევე დამაზიანებელი ეფექტი ექნება, ადგილობრივები ხეობის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ტურიზმს, განსაკუთრებით კი, ეკო-ტურიზმს განიხილავენ. ეს კი, მდინარე სამყურისწყალის ტერიტორიაზე, ხელუხლებელ ბუნებაში, ჰესის ინფრასტრუქტურის, გვირაბის, მისასვლელი გზისა და გადამცემი ხაზების მშენებლობის პირობებში არსებითად შეუძლებელი გახდება. მოსახლეობისთვის მტკივნეულად დგას ის საკითხიც, რომ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს მიერ უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვები სხვა ჰესების მშენებლობაზე. მათ შორის, იგივე კომპანიის მიერ იგეგმება სოფელ ბირკიანთან „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობა, რომლის მიმართაც ასევე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გააჩნიათ. პანკისის ხეობაში, ფაქტობრივად ჰესების კასკადის გაუაზრებელი მშენებლობა გარემოსთვის შესაძლო ზიანს კიდევ უფრო შეუქცევადს გახდის“, – აცხადებს EMC.

EMC იმედონებს, რომ სასამართლო ხელისუფლება იქნება ის მექანიზმი, რომელიც პანკისის მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს განახორციელოს რეალური კონტროლი „აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებურ პოლიტიკაზე“ და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი გარემო, ბუნება და მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური ინტერესები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]