weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სამხრეთ კორეა და ჩინეთი დაბინძურებული ჰაერის გასაწმენდად ხელოვნურ წვიმას შექმნიან

15:19 სამშაბათი, 12 მარტი 2019

ჰაერის დაბინძურების პრობლემა განსაკუთრებით მძიმეა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. სეულის თავზე არსებული სმოგის შესასუსტებლად ხელისუფლება მკვეთრ ნაბიჯებს დგამს.

ქვეყნის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის ახალი გეგმა ითვალისწინებს ხელოვნურ წვიმას, რომელმაც ქალაქის თავზე დაბინძურებული ჰაერი უნდა გაასუფთაოს. ასეთი სტრატეგია აქამდეც არსებობდა, მაგრამ დღემდე არ არსებობს მისი ეფექტიანობის სოლიდური მტკიცებულებები.

ამ იდეას „ღრუბლების დათესვას“ უწოდებენ. იმისათვის, რათა წარმოიქმნას წყლის წვეთები, ჰაერში უშვებენ სპეციფიკურ ქიმიურ ნივთიერებებს, ძირითადად - თვითმფრინავებით. წარმოქმნილი წვიმა იჭერს დამაბინძურებელი აეროზოლის ნაწილაკებს, შემდეგ კი მიწაზე ჩამოაქვს.

ჯერ-ჯერობით, ეს მხოლოდ თეორიაა, რადგან ეფექტიანობის წინა ექსპერიმენტები არადამაჯერებელია. წარუმატებელი აღმოჩნდა იანვარში თავად სამხრეთ კორეის მიერ გაღებული ძალისხმევაც.

სხვათა შორის, ეს მეთოდი ჩინეთმა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე გამოიყენა, ოღონდ კარგი ამინდის მისაღებად, ასევე - წყლის დეფიციტის მოსაგვარებლად, თუმცა ნალექების ხელოვნურად წარმოსაქმნელად საჭიროა სპეციფიკური ტიპის ღრუბლები.

გარდა „ღრუბლების დათესვისა“ ასევე აქტიური დებატები მიმდინარეობს დაბინძურებული ჰაერის წყლით გაწმენდის გრძელვადიან ეფექტიანობასთან დაკავშირებით. წვიმას შეუძლია ჰაერი გააასუფთაოს დაბინძურებული ნაწილაკებისგან, მაგრამ მეცნიერები დღემდე იკვლევენ, რამდენად მასშტაბური და ეფექტიანი შეიძლება იყოს ეს ქმედება.

მიუხედავად ამისა, სამხრეთ კორეა, რომლის ხელისუფლება გეგმავს ქვანახშირზე მომუშავე ძველი ქარხნების დახურვასა და სკოლებში უფრო მეტი ჰაერის გამწმენდების დაყენებას, გეგმის განხორციელებას მაინც აპირებს. პროექტი ითვალისწინებს ჩინეთთან თანამშრომლობასაც, რადგან სამხრეთ კორეის თავზე, ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნაწილაკები სწორედ ჩინეთიდან მიდის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]