პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ხონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ტყის მცველ გ.ქ.-ს ევალებოდა ტყის ფონდის ტერიტორიაზე უკანონო სარგებლობის გამოვლენა, აღკვეთა და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
პროკურატურის მტკიცებით, ტყის მცველი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და შედეგად, მის სამოქმედო ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, უკანონოდ მოჭრეს 611 ძირი წიფლისა და რცხილას ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 243 980 ლარი შეადგინა.
„მას შემდეგ, რაც გ.ქ.-სთვის ცნობილი გახდა მის სამოქმედო ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ჭრის ფაქტი, მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბების შემცირებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზნით, დაიყოლია რამდენიმე ნაცნობი, სოციალურად დაუცველი პირი და მათ მიმართ შეადგინა ყალბი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, თითქოს მათ უკანონოდ გაჩეხეს გ.ქ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე ხე-ტყის გარკვეული ნაწილი, რაც თავის მხრივ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოავლინა გ.ქ.-მ. რეალურად, გ.ქ.-ს ხე-ტყით სარგებლობის უკანონო ფაქტები არ გამოუვლენია და ხის ჭრას არც მის მიერ დაჯარიმებული პირების მხრიდან ჰქონია ადგილი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.