ბახტაძის თქმით, გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია.
„რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკასა და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ინიციატივაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და განვითარება.
„ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში. ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია, ის იქნება თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს. შეზღუდვები იმოქმედებს გადაადგილების საშუალებებზე, კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით, ან ელექტრომობილით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.