weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 5152 ჰექტრით გაფართოვდება

17:35 ხუთშაბათი, 23 მაისი 2019

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები გაფართოვდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი კანონპროექტი განიხილა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, დაგეგმილია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება 5152 ჰექტრით.

გაფართოებული ნაწილი მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს აბულის, საღამოსა და ფარავნის ტბებსა და მიმდებარე ტერიტორიებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჯავახეთის რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა მაღალმთის ჭაობების არსებობით არის განპირობებული. იგი წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზას, ამდენად მას გლობალური მნიშვნელობა აქვს. აღნიშნულ რეგიონში, ჯავახეთის ეროვნული პარკისა და 5 აღკვეთილი, დაცული ტერიტორიის სახით, 2011 წლიდან ოფიციალურად ფუნქციონირებს.

სამინისტროს განცხადებით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიები ინტენსიურად გამოყენებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის – ხშირად ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ ქმედებებს (ჭარბტენიანი ტერიტორიების დაშრობა, ტბების წყლის არასწორი გამოყენება, მცენარეთა და ცხოველთა არასასურველი სახეობების ინტროდუქცია, გადაჭარბებული ძოვება, არასწორ დროს თიბვა, ტერიტორიის დაბინძურება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, არასისტემური თევზჭერა, უცხო სახეობების თევზების ინტროდუქცია და ა.შ.), რის გამოც ჯავახეთის რეგიონის ეკოსისტემები დაცვას მნიშვნელოვნად საჭიროებენ.

„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2018 წლის მონაცემებით ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 10 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა. დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებით, შესაბამისი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა/განვითარებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობით ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვანად გაიზრდება“, – აღნიშნა მინისტრმა დავითაშვილმა.

სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას, რაც, მათი თქმით, ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადად ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით.

„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება ხელს შეუწყობს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას, ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგანის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და საქართველოს წითელ ნუსხასა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) გლობალურ წითელ ნუსხაში არსებული გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ორნითო და იხტიო ფაუნის, ფლორის სახეობების შენარჩუნებას, დაცვას და მათი სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების აღდგენას“, – აცხადებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]