22 ივნისს, ახმეტიდან „Art-გენი“ აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს. სოფელ მახუნცეთში, ტრადიციული პროგრამის შემდეგ, დასკვნით კონცერტებს ჯგუფები – Asea Sool და Reggaeon გამართავენ. ფესტივალი 28 ივნისს, იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში გაგრძელდება. რეგიონულ ტურნეს ჯგუფი „ფრანი“ დაასრულებს.
თბილისის ტური თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 7-დან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მას დათო ევგენიძე გახსნის, მანამდე კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება „აკუსტიკის“ კონცერტს დაესწროს. 8 ივლისს ფესტივალის პროგრამას Asea Sool და ბაკურ ბურდული გააგრძელებენ, 9 ივლისს – REGGAEON, 10 ივლისს – „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 11 ივლისს – „ფრანი“. 12 ივლისს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება, 13 ივლისს კი მსმენელის წინაშე ნიაზ დიასამიძე წარდგება. „Art-გენი“ 14 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.
ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. ეს ერთ-ერთი პირველი ფესტივალია, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა.