weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთიულეთში ლომისობის დღესასწაული აღინიშნება

09:53 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019

დღეს, აღდგომიდან მე-7 კვირას, არაგვისა და ქსნის ხეობაში ლომისობა აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.

ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.

ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს ლოცვით სამგზის შემოუვლის.

მლოცველებს სწამთ, რომ ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის მქონეა. ისინი სალოცავს შინაურ ცხოველს, უმეტესად, ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ სათხოვარი, რომლითაც ისინი ტაძარში მიდიან, აუსრულდებათ. მსხვერპლშეწირვის ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომლებიც ცხოველების მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ. 

მსხვერპლშეწირვის დღემდე, ანუ ოთხშაბათამდე, მლოცველები ეკლესიაში ღამისთევით ადიან. რიტუალი სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში იწყება. წესის მიხედვით, ტაძრიდან თორმეტ მოციქულს ხატები, ჯვარი და დროშა გამოაქვს. ამის შემდეგ, დეკანოზი მნათეებს ზარებს არეკვინებს და სოფელს საფიხვნოსთან უხმობს. დაახლოებით, 5 საათისთვის ზარებს კიდევ ერთხელ რეკენ, რის შემდეგაც მლოცველები მლეთიდან, ზემო მლეთის გავლით, ლომისის მთისკენ მიემართებიან.

სწორედ ამ რიტუალის დასრულების შემდეგ, ოთხშაბათ დილას იწყება მსხვერპლშეწირვა იმ მთის ქვეშ, სადაც ლომისას ტაძრისკენ მიმავალი აღმართი იწყება. ადგილობრივებისთვის ეს რიტუალი ლომისობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მათთვის მიუღებელია იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მსხვერპლშეწირვის გაუქმებას ითხოვენ.

მეცნიერმა სერგი მაკალათიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომისობის დღესასწაული წინაქრისტიანულ პერიოდს მიეკუთვნება - ანუ, თავისი საფუძვლით ეს დღესასწაული წარმართული გახლავთ და მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც ლომისობა ადრექრისტიანული დღესასწაულია და არა წარმართული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]