weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთის და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

10:16 პარასკევი, 14 ივლისი 2017

ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიებზე ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერს და კაფეტერიას მოიცავს.

მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო.

„რეგიონში ჩამოსული სტუმრები, ვიზიტორები ცენტრში სრულ ინფორმაციას მიიღებენ დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოსულმა დამსვენებლებმა დაათვალიერონ დაცული ტერიტორიები, ულამაზესი ბუნება და მიიღონ სრული სერვისები“-აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა 26%-ით გაიზარდა. ასევე 32%-ით გაზრდილია დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რიცხვი. 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან ეწვია. 2017 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 30%-ით გაიზარდა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1998 წელს შეიქმნა. ის უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები. ჭარბტენიან ტერიტორიებზე ტურისტებს ჭაობის თხილამურებით სარგებლობის საშუალება აქვთ.

კინტრიშის დაცული ლანდშაფტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის რაიონში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 13.893 ჰა-ს შეადგენს. იგი მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ ცხემვანსა და ხინოს მთებს შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ორ სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - სახელმწიფო ნაკრძალსა და დაცულ ლანდშაფტს მოიცავს.

რელიქტური ტყეებითა და მცენარეთა ენდემური სახეობებით გამორჩეული ტერიტორია ვიზიტორებს ორ სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშუტს სთავაზობს.

აჭარის რეგიონში 4 დაცული ტერიტორია ფუნქციონირებს, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]