მინისტრმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან და ჰიდროლოგებთან ერთად, მურყვანის ხეობა და მყინვარებზე არსებული ვითარება ვერტმფრენიდან დაათვალიერა.
„შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის პროცესის განმეორების რისკი ნაკლებია იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი გვალვა ან უხვი ნალექი არ გაგრძელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სარისკო შეგუბება არსად არ ფიქსირდება. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გადარჩენილია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰესმა შემაკავებელი ეფექტი მოახდინა და სტიქიის მასშტაბები დიდწილად შეამცირა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
25 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად, დაზიანდა ჰიდროელექტროსადგური „მესტიაჭალა 1“, რამდენიმე ნაგებობა დაინგრა და ქვა-ღორღმა დაფარა. დაზიანებულია ჰესის შენობაც. მფლობელი კომპანია „სვანეთი ჰიდრო“ აცხადებს, რომ „პირველადი შეფასებით, უშუალოდ სადგური მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა და ნატანის გაწმენდის შემდეგ, ჩვეულებრივ გააგრძელებს ფუნქციონირებას“.
სტიქიის ზონაში ღვარცოფმა ხიდები მთლიანად დაანგრია. ჰესთან ახლოს გაჩერებული ავტომობილები, რომლითაც ადგილობრივებს ტურისტები ლაშქრობაზე ჰყავდათ, მდინარემ წაიღო. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არავინ დაშავებულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული. სააგენტოს ცნობით, სპეციალისტების მიერ ხეობის დეტალური დათვალიერების და დრონით გადაღებული მასალის გაანალიზების შედეგად, უახლოეს დღეებში, მომზადდება დასკვნა და გაიცემა რეკომენდაციები, რომელიც ყველა დაინტერესებულ მხარეს დაუყონებლივ გადაეცემა.