weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ყოფილმა მოსამართლემ 15 წლის წინ ჩამორთმეული სახლი მოქალაქეს უკან მიჰყიდა

13:38 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019
ფოტოზე - გიორგი პაპუაშვილი / საკონსტიტუციო სასამართლოს ფოტო ფოტოზე - გიორგი პაპუაშვილი / საკონსტიტუციო სასამართლოს ფოტო

15 წლის წინ ბათუმში ჩამორთმეული ბინა როლანდ ბლადაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისგან, გიორგი პაპუაშვილისგან გამოისყიდა.

როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომელსაც ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე 277.9 კვ.მ ფართობის ბინა 2004 წელს ჩამოართვეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება, ხოლო 2007 წელს იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადაეცა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როლანდ ბლადაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ჩამორთმეული ქონების დაბრუნება მოითხოვა. 2018 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დავა მორიგებით დასრულდა და როლანდ ბლადაძეს ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე 263 კვ.მ ბინა 1 ლარად გადაეცა.

სამართლებრივ დავაში რომან ბლადაძის ინტერესებს ორგანიზცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი იცავდა. კაიკაციშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ აღიარა, რომ როლანდ ბლადაძეს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს და ასევე გიორგი პაპუაშვილს მიუთითა, რომ არამართლზომიერად ჩამორთმეულ ქონებაში ცხოვრობდა.

მას შემდეგ რაც რომან ბლადაძე ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილდა, მან ადვოკატების ჩართულობით გიორგი პაპუაშვილთან თავისი პირვანდელი ფართის (ბათუმში მდებარე ბინა) გადაცემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

არჩილ კაიკაციშვილი „რეგინფოსთან“ საუბრისას ამბობს, რომ გიორგი პაპუაშვილს სრული უფლება ჰქონდა ბლადაძესთან ბინის გადაცემაზე მოლაპარაკებები არ დაეწყო. ამ შემთხვევაში ბლადაძე ვეღარ მიმართავდა სასამართლოს, რადგან ალტერნატიული ფართით უკვე იყო დაკმაყოფილებული, თუმცა უკანონოდ ჩამორთმეული ბინის ფლობა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისთვის ეთიკურ დილემას ქმნიდა:

„მორალურ-ეთიკური საკითხები დადგა გიორგი პაპუაშვილის წინაშე. მართალია, როლანდ ბლადაძე დაკმაყოფილდა ალტერნატიული ფართით, მაგრამ გიორგი პაპუაშვილი კვლავ ქონებაჩამორთმეულ სახლში ცხოვრობდა და ეს მძიმე ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა გაჰყოლოდა. ვინაიდან ეს საკითხი მისთვის რეპუტაციული მნიშვნელობის იყო, ორი არჩევანი ჰქონდა, ან დაეწყო მოლაპარაკებები, ან თავი გაემართლებინა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბატონი ბლადაძე დაკმაყოფილდა“, - ამბობს კაიკაციშვილი.

პაპუაშვილსა და ბლადაძეს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია და როგორც ადვოკატი ამბობს, ბინა ბლადაძემ უკვე გამოისყიდა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ექსპერტიზამ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ბინა დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარად შეაფასა. რა ფასად გამოისყიდა ბლადაძემ ქონება პაპუაშვილისგან, ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუმცა გვეუბნება, რომ გადახდილი თანხა შეფასებულ ოდენობაზე ნაკლებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]